ქართველთა ენობრივი და ეროვნული ერთიანობიოსათვის
საყოველთაოდ ცნობილია,
რომ ძვ.წ. II-I ათასწლეულებში არსებობდა დიდი კოლხური ცივილიზაცია. არქეოლოგიური მონაცემების
მიხედვით, კოლხური კულტურა ჩამოყალიბდა ისტორიული საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში
და მისი აღმოსავლეთის საზღვარი ვრცელდებოდა მცხეთა-თბილისამდე. კოლხური კულტურა მოიცავდა
ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილსაც და სამხრეთით ჩადიოდა სინოპი-სამსუნის რეგიონამდე. სპეციალისტების
მიერ კოლხური არქეოლოგიური კულტურის ცენტრად ივარაუდება ამჟამინდელი დასავლეთ
საქართველო, ჭოროხის ხეობა, სამცხე-ჯავახეთი და აღმოსავლეთ საქართველო მცხეთამდე.
დაახლოებით ამავე
პერიოდში არსებობდა საერთოქართველური ენა (არნოლდ ჩიქობავა, გივი მაჭავარიანი, ჰანს ფოგტი...).
სწორედ ამ საერთოქართველურ ენას ქუჯისა და ფარნავაზის ეპოქაში დაეფუძნა ქართველთა
სამწიგნობრო ენა, რომლის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშებია ხანმეტი ტექსტები.
უძველესი ქართული
ხანმეტი ტექსტების ენის უშუალო მემკვიდრეა ქართული საეკლესიო მწერლობის ენა; ამ უკანასკნელს
კი აგრძელებს ქართული საერო მწერლობის ენა; შესაბამისად, უსაფუძვლოა გასულ საუკუნეში
შექმნილი იდეოლოგემა, რომლის მიხედვით, ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა
ქართლ-კახურ კილო(ებ)ს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართველთა არქაული სამწიგნობრო ენის ზოგი
თავისებურება თუ ლექსიკა მეტ-ნაკლებად შემონახულია ყველა ქართველურ ქვესისტემაში, მათ
შორის - სვანურ და მეგრულ-ლაზურ მეტყველებებში.
საქართველოს მხარეებს
შორის მომხდურისაგან ყველაზე მეტად დაცული იყო დასავლეთ საქართველო; ლოგიკურია, რომ
აქ იყო ქართველთა სამწიგნობრო კულტურის ყველაზე მძლავრი კერები; კერძოდ, ადრე თუ გვიან
შუა საუკუნეებში, ძირითადად, ეგრისის საერისთავოში იყო პირობები, განვითარებულიყო ზოგადქართული
(/ქართველური) სამწიგნობრო კულტურა; რისი დასტურიცაა იოვანე ლაზის, იოვანე მინჩხის,
იოვანე პეტრიწისა თუ უფრო გვიანდელი მოღვაწის - ანტონ ჭყონდიდელის - ქართულენოვანი
შემოქმედება; შესაბამისად, თუკი ვინმეა ქართული სამწიგნობრო კულტურის შემქმნელი,
პირველ რიგში, ეს არის დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა.
წარმოდგენილი ისტორიის
ფონზე რუსეთის იმპერიის შორსმიმავალი ანტიქართული ნაბიჯი იყო მე-19 საუკუნის
მეორე ნახევარში უსლარის, გრენისა თუ აშორდიას მიერ შექმნილი სვანური/მეგრული "ანბანით"
(და ცალკეული ლოცვების მეგრულ-სვანურად თარგმნით) სამეგრელო-სვანეთის ქართველობისათვის
გაეუცხოებინათ ისტორიული დედაენა - ქართველური (/ზოგადქართული) სამწიგნობრო ენა.
მე-19 საუკუნის
დასასრულს მთელი სამეგრელო აღუდგა წინ ამგვარ „ენობრივ დივერსიას“; განსაკუთრებით იაქტიურეს
ნიკო და გრიგოლ დადიანებმა, წმიდა ამბროსი ხელაიამ, ღირსმა მამამ მღვდელმონაზონმა ალექსი
შუშანიამ და სამეგრელოში მოღვაწე სხვა სასულიერო პირებმა, რომელთაც დროულად გააცნობიერეს
რუსეთის იმპერიის მიზანი, მეგრელთათვის (ასევე, სვანებისათვის) წაერთმია წინაპრების
მიერ შექმნილი მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ისტორია და უმწერლობო ტომებად გამოეცხადებინა
ძირძველ ქართველთა ნახევარი.
სოციალ-დემოკრატებმა,
განსაკუთრებით კი ბოლშევიკებმა, რომლებიც ებრძოდნენ ეროვნებასაც და რელიგიასაც, გააგრძელეს
რუსეთის იმპერიის ეს ენობრივი პოლიტიკა; აი, რას წერდა სტალინი 1913 წელს წიგნში: "მარქსიზმი და ნაციონალური
საკითხი":
"კავკასიაში
არიან მთელი რიგი ხალხები, რომელთაც პრიმიტიული კულტურა, განსაკუთრებული ენა აქვთ,
მაგრამ მშობლიურ ლიტერატურას მოკლებულნი არიან... რა ვუყოთ ასეთ ხალხებს: მეგრელებს,
აფხაზებს, აჭარლებს, სვანებს, ლეკებს და სხვ., რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ,
მაგრამ თავიანთი ლიტერატურა კი არა აქვთ?” (ი. სტალინი, 1951, გვ. 138-139)... “ნაციონალური საკითხი კავკასიაში შეიძლება
გადაიჭრას მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ დაგვიანებული ერები და ხალხები (მეგრელები,
სვანები, აჭარლები...ავტ.) უმაღლესი კულტურის საერთო კალაპოტში მოვაქციოთ” (გვ. 142).
სწორედ ი. სტალინის
ამ დებულების საფუძველზე გაჩნდა ტერმინები: "მეგრელი ტომი", "სვანი
ტომი", "უმწერლობო ენა"... ეს ტერმინები საბჭოთა ინერციით დღემდეა
გამოყენებული.
ჩვენი აზრით, ოცსაუკუნოვანი
სამწიგნობრო ისტორიის მქონე ქართველი ერის რომელიმე ნაწილის გამოცხადება უმწერლობო
ენის მქონე ტომად ამ კუთხის ქართველების შეურაცხყოფა და ისტორიის გაყალბებაა.
შეურაცხმყოფელია
და, ამავე დროს, შორსგათვლილი მავნებლობაა ისიც, რომ, ერთი მხრივ, ზვიად გამსახურდიას
მომხრედ გამოაცხადო თავი, მეორე მხრივ კი, იოვანე ლაზის, იოვანე მინჩხის, იოვანე
პეტრიწის, ჭყონდიდლების, დადიანების, გამსახურდიების მშობელი კუთხის მოსახლეობას 21-ე
საუკუნეში შეუქმნა "მეგრული ანბანი" და გააგრძელო თადა აშორდიასა
და ისააკ ჟვანიას გზა: დისტანცირდე ისტორიული სამწიგნობრო ენისაგან და დაიწყო
მეგრულენოვანი ლიტერატურის, მეგრულენოვანი გაზეთებისა თუ მეგრულენოვანი ვიკიპედიის
შექმნა... პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სწორედ
იმიტომ მოკლეს, რომ მან ხელი არ მოაწერა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, სხვა
ქართველებისაგან გაემიჯნა სამეგრელო-აფხაზეთის მოსახლეობა. დღეს კიდევ ერთხელ კლავენ
ზვიად გამსახურდიას ისინი, ვინც ქართველებს ენობრივ-ეთნიკურად ანაწევრებენ. ყველამ
უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი ენობრივი დივერსიით სამეგრელოსა თუ სვანეთის
მკვიდრთ ართმევენ ამ კუთხის ქართველთა წინაპრების მიერ შექმნილ დიდ კულტურას, რაც,
საბოლოო ჯამში, ამ კუთხეების მოსახლეობასაც გადააგვარებს და გაანადგურებს ერთიან საქართველოსაც.
ერთ კონკრეტულ ფაქტს
შევეხებით:
2009 წელს ვახტანგ
გვარამიამ და გიორგი ციციშვილმა გამოსცეს წიგნი "მეგრული საკითხი"; ავტორები,
დადებით კონტექსტში წარმოაჩენენ რა ისააკ ჟვანიას, მიზანმიმართულად ამართლებენ რუსულ
საბჭოურ (სტალინურ) ენობრივ პოლიტიკას,
რომლის მიზანი იყო მეგრელების გაყვანა ქართული სამწიგნობრო ენის სივრციდან. საინტერესოა
ერთი "პატარა" ნიუანსიც: ვახტანგ გვარამიასა და გიორგი ციციშვილის დასახელებული
წიგნის შიდა ყდაზე საგანგებოდაა გამოტანილი ისააკ ჟვანიას სურათი, რომელიც ავტორებისათვის
გადაუცია ალექსანდრე ჭაჭიას - პუტინთან დაახლოებულ ქართული წარმოშობის პოლიტიკოსს.
დასახელებული ავტორების მიზანია:
- საქართველოს უნიტარული სახელმწიფოსადმი ნეგატიური
დამოკიდებულების ფონზე, ხალხი შეაჩვიონ საქართველოს ფედერალურ თუ კონფედერაციულ
მოწყობას (რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში არსებულ საქართველოს საბოლოოდ დაშლის ფედერაციული/კონფედერაციული
თუ რეგიონული მოწყობა);
- მეგრელებს გაუუცხოვონ ისტორიული დედაენა - ზოგადქართული
(ქართველური) სამწიგნობრო ენა, მეგრელთა სამწიგნობრო კულტურის ენად დაამკვიდრონ მეგრული
და ქართველი ერი დაანაწევრონ ენობრივ-ეთნიკურად.
იმავე სულისკვეთების სხვა პირები პრორუსული თუ ფსევდოლიბერალური
გარე ძალების დახმარებით ცდილობენ, "რეგიონული
ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის" არსის გაყალბებით „დაიცვან“ "მეგრული
ენა" (და "მეგრელი ხალხი"), ქართულის ალტერნატივად ქმნიან მეგრულენოვან
ლიტერატურას, მეგრულენოვან ეკლესიას, მეგრულენოვან სახელმძღვანელოებს, მეგრულენოვან
ვიკიპედიას... პარალელურად, ისინი ბილწსიტყვაობით (საბჭოთა კგბ-ს მეთოდოლოგიით)
შეურაცხყოფენ იმ მოღვაწეებს, რომლებიც, რუსული ენობრივი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ,
არგუმენტირებულად წარმოაჩენენ ქართველთა ენობრივ-ეთნიკურ ისტორიულ ერთიანობას.
რუსეთის იმპერიის
წაქეზებით მსგავსი რამ უკვე ხდებოდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშიც და მე-20 საუკუნის
20-იან წლებშიც; მაგ., აი, რას წერს ცნობილი საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია:
"ნუთუ მეოცე საუკუნეში
ვინმემ უნდა
თქვას: მეგრული
სხვა არის
და ქართული
კიდევ სხვაო?!
სხვა არის
ის მეგრული,
რომელშიაც თითქმის
ასი პროცენტი
ქართული ძირის
სიტყვებია? ის
მეგრული, რომელიც
წარმოადგენს აწინდელის
ქართულის შევსებას?!
მეგრულს ოჯახში,
შინაურობაში, ხმარობს
ხალხი, მაგრამ
მეგრული, როგორც
დამახასიათებელი ეროვნებისა, არ არსებულა... ყველას მოგეხსენებათ, რომ მეგრული ენის საკითხი რუსების შემოსვლამდე არ
არსებობდა. ეს
საკითხი გაჩნდა
მას აქეთ,
რაც რუსებმა
საქართველოში ფეხი
მოიკიდეს... 1905 წ. რევოლუციამ
ცოტათი შეანელა ჩვენი რუსიფიკატორების გულმოდგინება. რევოლუციის შემდეგ, რეაქციის დაწყებისთანავე,
ბნელეთის ძალნი ისევ ამუშავდნენ..."
ერს აყალიბებს,
ამთლიანებს ერთი ენა - ერთი სააზროვნო სისტემა; შესაბამისად, ის,
ვინც ქართველებს ენობრივად ანაწევრებს, უარყოფს ქართველი ერის არსებობას. ქართველი ერი, როგორც ერთიანი ენობრივი, კულტურული
და ეთნიკური მოვლენა, სულ მცირე, ოცი საუკუნეა არსებობს; აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართველთა
ენობრივ-ეთნიკური და კულტურული ერთიანობის უპირველესი გარანტი იყო და არის საქართველოს
ეკლესია. ფაქტია ისიც, რომ მრავალი საუკუნეა ქართველი ერის ბირთვს წარმოადგენს
სამეგრელოს ქართველობა; შესაბამისად, დღეს ვისაც სურს ქართველი ერისაგან გამოჰყოს "მეგრელი
ხალხი" და "ტომად" თუ ცალკე ერად გამოაცხადოს, ანდა, ქართული ენისაგან
დამოუკიდებელ ენად წარმოაჩინოს მეგრული მეტყველება და აპირებს XXI საუკუნის დასაწყისში
შექმნას საკუთრივ „მეგრული“ სამწიგნობრო კულტურა, ნებსით თუ უნებურად, რუსეთის
იმპერიის სამსახურში დგას, რამდენადაც სწორედ რუსეთის ინტერესში შედის ქართველთა დაცალკევებით
საქართველოს დანაწევრება და სრული კონტროლის დამყარება საქართველოს საზღვრებში არსებულ
შავი ზღვის სანაპიროზე...
სამეგრელოს მკვიდრი
ყველა ნორმალური პიროვნების მიზანია, შევინარჩუნოთ ქართველი ერის არსებობის აუცილებელი
პირობა - ზოგადქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენაც და ყველა ქართველური კუთხური
მეტყველება, მათ შორის საოცრად მრავალფეროვანი მეგრული, რომელიც ოდითგანვე იყო
ქართველთა დედაენის მასაზრდოებელი თავანკარა ნაკადული. სწორედ ამ ერთიანობისათვის იღვწოდნენ
ჩვენი წინაპრები... ვინც ზოგადქართული კულტურისაგან, ენისაგან, ლიტერატურისაგან გამოცალკევებას
ცდილობს, ის ემიჯნება იოვანე მინჩხს, იოვანე პეტრიწს, ჭყონდიდლებს... გამსახურდიებს,
ლეო ქიაჩელს, ტერენტი გრანელს...
საქართველოს ყველა
მოქალაქის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების საყურადღებოდ, დასკვნის სახით, წარმოვადგენთ
დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ფაქტობრივ ანდერძს (რომელსაც
ჩვენ სრულად ვიზიარებთ):
"...სალიტერატურო
ქართულის ზრდა არ შეიძლება მარტოოდენ გარეგან სესხს - ბარბარიზმებს - დაეყრდნოს. აქ
უმთავრესია "შინაგანი სესხი", ქართული
ენაკავებიდან, სვანურ-ჭანურ და ოდიშურ დიალექტებიდან ახალი და უხმარი ლექსიკური მასალის
მოხვეჭა..." (კ. გამსახურდია, რვატომეული,
1980, ტ.V, გვ. 995-956). "XX საუკუნის მწერლობამ უნდა მოგვცეს ილიას ქართლურის,
აკაკის იმერულის, ვაჟას ფშაურის, მეგრულისა
და გურული ენობრივი ელემენტების სრული სინთეზი. აი, ეს იქნება იდეალური ლიტერატურული
ქართული" (კ. გამსახურდია, 1929; ათტომეული, 1983, ტ.VII, გვ. 499).
პროფესორი რევაზ შეროზია,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ზურაბ თორია, მწერალი
რევაზ კემულარია, საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი
ვლადიმერ მირცხულავა,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი
1 Comments:
სრული სისულელე! მოგონილი "ფაქტები" და გულისამრევი მსჯელობა!ვერ გააქრობთ მეგრულ ენას!
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home