მიტევება/ვერმიტევება და განსაცდელი
პროფ. ტარიელ ფუტკარაძე
მიტევებისა და განსაცდელის მიმართების ლინგვისტური და ფსიქოლოგიური წახნაგები
("მამაო ჩვენოს" ტექსტის მიხედვით)
თეოლოგია, ღვთისმეტყველება,
არის მოძღვრება ღმერთის არსის შესახებ. ბუნებრივია,
მე არ მაქვს პრეტენზია, ვიყო თეოლოგი, ან განვმარტო რომელიმე ბიბლიური თუ სახარებისეული
ფრაზა, მაგრამ ყოველდღე რომ იმეორებ კაცი "მამაო ჩვენოს", რომელიღაც
განსაკუთრებულ სიტუაციაში განსხვავებული წახნაგითაც შეიძლება გაიაზრო რომელიმე ლექსიკური
ერთული...[1]; მით
უმეტეს, ვფიქრობ, რომ საინტერესოა საყოველთაოდ აღიარებული ტექსტის ანალიზი როგორც საღვთისმეტყველო,
ასევე, ლინგვისტური, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტებით. სანამ ჩემს სათქმელს ვიტყოდე, ჯერ "საღვთო ლოცვის" მიღებულ
განმარტებას გავადევნოთ თვალი:
6.9-13:
9. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა – ლოცვის დასაწყისში ჩვენ ვთხოვთ სულიერ ზეცაში მყოფ მამა ღმერთს,
ისმინოს ჩვენი თხოვნა-ვედრება.
წმიდა იყავნ სახელი შენი – უფალო, შენი სახელი მარად წმიდად იყოს ჩვენში.
10. მოვედინ სუფევა შენი – უფალო, გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური
მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ – ეს არის სიმართლე, სიყვარული,
მშვიდობა.
იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა – უფალო, დაე ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს შენ გსურს და არა ისე,
როგორც ჩვენ გვსურს.
11. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს – პურის ქვეშ აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ
ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება:
საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი – ყოვლადწმიდა ხორცი და
პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო... (ტექსტი კი ასე გაიგება: უფალო, მოგვეცი
ამქვეყნად სიცოცხლის ძალა - ტ.ფ.).
12. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ
თანამდებთა მათ ჩვენთა –
ისევე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენს
წინაშე სცოდავს.
13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა – განსაცდელი ჰქვია აქ ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც ძალა გვეწევა
ცოდვისაკენ, ან ვინმე გვაიძულებს ან გვაცდუნებს ცოდვის ჩასადენად, რომლის
გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომლის წინაშეც ჩვენ უძლურნი ვართ.
არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან - ანუ გადაგვარჩინე ჩვენ ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი
ბოროტებისაგან, თვით ეშმაკისაგან, რომელიც ყოველჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპავად.
დაგვიფარე და გადაგვარჩინე მისი მზაკვარი და ფლიდი სიცრუისაგან, რომელიც შენს
წინაშე არარაობაა[2].
წარმოდგენილი განმარტების მიხედვით, "მამაო ჩვენო" სულ
მცირე 5 სემანტიკურ მონაკვეთადაა განხილული: 1. ღმერთი (ვისაც მივმართავთ); 2.
უფლის სისხლი და ხორცი, როგორც ამქვეყნად მაცოცხლებელი; 3. მიტევების ფილოსოფია
(მომიტევე მე ისე, როგორც მე მივუტევებს სხვა ადამიანებს); 4. ამქვეყნიური განსაცდელი:
იმ ცოდვებისა და ცდუნების პერსპექტივა,
რომლის წინაშე უძლურნი ვართ; 5. ეშმაკისეული ბოროტება.
ჩემთვის ხელმისაწვდომ ღვთისმეტყველთა განმარტებებსა თუ
ინტერპრეტაციებში მიტევება, განსაცდელი და ბოროტება ერთმანეთთან
აზრობლივად არაა დაკავშირებული; წმიდა მამათა: წმიდა ოქროპირის, წმიდა კასიანეს,
წმიდა კვიპრიანეს, წმიდა კირილე იერუსალიმელის, ნეტარი ავგუსტინეს, წმიდა გრიგოლ
ნოსლის, ღირსი მამა ბარსანოფის, წმიდა ტიხონ ზადონელის და ნეტარი თეოფილაქტეს
სწავლების მიხედვით, "მამაო ჩვენოს" ტექსტში მიტევება-არმიტევებაზე
დამოკიდებული არ არის განსაცდელისა და ბოროტების მოსალოდნელობა; განსაცდელი კი გააზრებულია,
როგორც: ეშმასეული ცდუნება, ხორციელი ვნების საფრთხე, ამქვეყნიურ სიამეთა საფრთხე.
შდრ., სახარების თანამედროვე თარგმანებშიც უშუალო კავშირი არ არის მიტევებასა
და განსაცდელს შორის:
მათე, 6:
12. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.
13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან[3]
ლუკა, 11
4. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან
ჩვენ განსაცდელში“[4].
ჩვენი აზრით, მამაო ჩვენოს ტექსტის შინაარსი ორ (და არა - ხუთ!)
ძირითად მონაკვეთად უნდა განვიხილოთ:
პირველი მონაკვეთი - მიმართვა
უფლისადმი; მიმართვის ფორმები გამოხატულია წოდებით ბრუნვაში დასმული მეორე პირის
სახელით (შენ, უფალო!);
მეორე მონაკვეთი -
პირველი პირის ზმნური ფორმით გადმოცემულია თხოვნა: უფალო, როგორც მე მივუტევებ
ჩემს წინაშე ჩადენილ დანაშაულსა თუ შეცდომას სხვა ადამიანებს, იმის შესაბამისად
მომიტევე მე ჩემი ცოდვები და მომეცი ძალა, დავძლიო შურისძიების, შურისგების
განსაცდელი, რომ სამუდამოდ არ დავრჩე ბოროტებაში, არ გავხდე ეშმაკის
მსხვერპლი.
ჩემი აზრით, მეორე ნაწილის დედააზრი მოკლედ ასეც შეიძლება ჩამოყალიბდეს:
მიტევების უნარის არქონა - გაბრაზების, მრისხანების, შურისძიების
ველში დარჩენა, დიდი განსაცდელია! ადამიანმა, პირველ რიგში, სწორედ ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს, რომ
ბოროტებაში არ გადავარდეს[5]; ანუ:
პირველი ნაწილი უფლის დიდების დამოწმებაა, უფლის გააზრებაა,
მეორე ნაწილი კი მიტევების უნარის მიხედვით ხსნისა და წარწყმედის პერსპექტივის
ჩვენება.
"საღვთო ლოცვაში" ცხადად იკითხება, რომ მიტევების უნარი
უფლის შეწევნით მზარდი ადამიანური ძალაა, რომლის არქონის შემთხვევაში ადამიანი დარჩება
მომაკვდინებელი ცოდვაში - მრისხანებაში; მრისხანება, გაბრაზებულად ყოფნა,
აგრესიისა თუ შურისძიების წყურვილში დარჩენა დიდი
განსაცდელია, ბოროტებაში სამუდამოდ დარჩენის პერსპექტივაა. ბუნებრივია, აქვე
"განსაცდელი" განზოგადებული სემანტიკითაც უნდა გავიგოთ: როგორც სულიერი
თუ ფიზიკური საფრთხეთა ერთობლიობა.
მაშასადამე, უპირველესი
ქრისტიანული ლოცვა ორიენტირებულია მიტევებაზე, შურისგების წყურვილის დაძლევაზე;
უფლისადმი თხოვნაც შესაბამისია: ყოვლისშემძლე ღმერთო,
შემაძლებინე მიტევება, რომ მრისხანების
ცოდვაში - განსაცდელში - არ დავრჩე და ბოროტების კერძი არ გავხდე; შდრ.:
არმიტევება შეაპირობებს
მრისხანებაში - მომაკვდინებელ ცოდვაში - დარჩენას; ხოლო მიტევება შეაპირობებს
სულის დამშვიდებას - სიმშვიდეს - ერთ-ერთ გამორჩეულ სათნოებას; შესაბამისად, არმიტევება
თუ ვერმიტევება დიდ განსაცდელში ყოფნაა!
საინტერესოა "მამაო ჩვენოს" ტექსტის სხვადასხვაენოვან
ვარიანტში სიტყვა-ფორმა "განსაცდელის" შესატყვისობების
სემანტიკური ველების შეპირისპირება:
ქართული სიტყვა-ფორმა (თარგმანი!) უშუალოდ მიყვება ებრაულ
ვარიანტს: ებრაულში (სწორედ ებრაულადაა დაწერილი მათეს სახარება!)
გამოყენებულია სიტყვა "ნასა", რომელიც ნიშნავს განსაცდელსა და გამოცდას[6].
შესაბამისი ტექსტის ბერძნული სიტყვა კი მოიაზრებს განსაცდელსა და ცდუნებას[7]:
πειρασμόν - πειρασμός < πειράζω; πειράω (impf. ἐπείρων, fut. πειράσω aor. ἐπείρᾱσα, pf. πεπείρᾱκα;
1. მოსინჯვა, ცდა. πεπεισμένος πειρῶμαι καὶ τοὺς ἄλλους πείθειν Plat. თავად დარწმუნებული, ცდილობ სხვებიც დავარწმუნო;
ὅστις ζῆν ἐπιθυμεῖ, πειράσθω νικᾶν Xen. ვისაც სურვილი აქვს იცოცხლოს, გამარჯვება უნდა სცადოს;
ὣς ἄρ᾽ ἔφη, πόσιος πειρωμένη Hom. ასე თქვა, რათა გამოეცადა ქმარი;
πειρᾶσθαι χειρῶν καὶ σθένεος Hom. საკუთარი ხელები ძალა გამოსცადე;
ἀέθλου πειρᾶσθαι Hom. ბედი ცადა შეჯიბრში; πειράω πάντα Plut. ყველაფერს ვცდი;
2.
ცდუნება, შეცდენა, გადაცდენა (γυναῖκα - ქალის Arph.; τὴν παιδίσκην - ბავშვის Lys.; πειραθεὶς ὑπό τινος - ვინმესაგან ცდუნება Thuc.);
3.
შესწავლა, გამოკვლევა, დარწმუნება, გამოცდა:
ὁϊστοί, τῶν τάχ᾽ ἔμελλον πειρήσεσθαι Hom. ისრები რომელსაც მალე გამოცდიდა საკუთარ თავზე. πεπειραμένος οἶδα Xen. გამოცდილებით ვიცი; πειρώμενος ἀνδρὸς ἀγαθοῦ Plut. გამოცდილია, კეთილშოილია ეს კაცი.
ὁ πειρασμός - განსაცდელი, გამოცდა
„და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი (πειρασμὸν ὁ διάβολος ἀπέστη) ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე“. ლუკა 4.13 "ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა(πειρασμὸν)“ 1 ტიმოთე 6.9 „საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად (ἐν ὑμῖν πυρώσει πρὸς πειρασμὸν) თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ“. 1 პეტრე 4.12.
ბერძნულის მსგავსი ვითარებაა
სომხურ, რუსულ და ინგლისურ ვარიანტებიც:
ინგლისური:
And lead us not into temptation (ცდუნებაში), but deliver us
from evil.
რუსული:
и не введи нас в
искушение (ცდუნებაში), но избавь нас от
лукавого.
სომხური[8]:
Հայր մեր որ յերկինս՝ սուրբ եղիցի անուն քո՝ եկեսցե արքայութիւն քո։ եղիցին կամք քո որպէս յերկինս ՝ և յերկրի։ Զ հաց մեր հանապազորդ տուր մեզ այսօր։ և թող մեզ զպարտիս մեր՚ որպէս ե ւ մեք թողումք մերոց պարտապանաց։ և մի տանիր զմեզ ի փորձութիւն՝ այլ փրկեա զմեզ ի չարէն զի քո է արքայութիւն և զօրութիւն և փառք յաւիտեանս՝ ամէն[9]։
Հայր մեր որ յերկինս՝ ես սուրբ եղիցի անուն քո՝ եկեսցե արքայութիւն քո։ եղիցին կամք քո որպէս յերկինս ՝ և յերկրի։ Զ հաց մեր հանապազորդ տուր մեզ այսօր։ և թող մեզ զպարտիս մեր՚ որպէս ե ւ մեք թողումք մերոց պարտապանաց։ և մի տանիր զմեզ ի փորձութիւն՝ այլ փրկեա զմեզ ի չարէ զի քո է արքայութիւն և զօրութիւն և փառք յաւիտեանս[10]։
აშკარაა:
ებრაული (არამეული?) და ქართული სიტყვა-ფორმები ერთმნიშვნელოვნად განსაცდელსა
და გამოცდაზე (უფრო სულიერ ხიფათზე) არის ორიენტირებული, ბერძნული, სომხური,
რუსული და ინგლისური კი - განსაცდელსა და ცდუნებაზე (უფრო ხორციელ ხიფათზე?).
ვფიქრობ, ლოგიკურია, დავასკვნათ:
ადამიანისათვის განსაცდელი მუდამ და ბევრი მიმართულებით
არსებობს, მაგრამ მოცემულ "საღვთო ლოცვაში" პირველ რიგში ნაგულისხმევია,
ხაზგასმულია, მიტევება/მიუტევებლობის მიმართულება:
მიტევების უნარის არმქონე ადამიანის ცნობიერებაში გაბრაზების გამო რადიკალური
ქმედება და მრისხანება მწიფდება; რადიკალიზმი ჯანსაღი ანალიზის უნარს
კლავს და დანაშაულის გარდაუვლობას აპირობებს; არმიტევებისა თუ მრისხანების
მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სული გაუწმენდავი რჩება; შესაბამისად, ვერმიტევება/არ
მიტევება უპირველესი განსაცდელია; მრისხანებასა და შურისძიების წადლში ყოფნას ადამიანისათვის
ბოროტება მოაქვს[11]...
ასეთი გააზრება არ ეწინააღმდეგება, მეტიც, გარკვეულწილად აზუსტებს, მოციქულთა
და ღვთისმეტყველთა თვალსაზრისებს; კერძოდ; შდრ., ამ საღვთო ლოცვის უშუალო
გაგრძელებაა შემდეგი ტექსტი:
მათე, 6, 14-15: 14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ
კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო
უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ
შეცოდებანი თქუენნი[12].
შდრ., ასევე:
იოანე, 1:9: თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.
მარკოზი, 11:25: როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.
ეფესელთა 4:32:
მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
წმიდა ისააკ ასური: გულში წყენას იმარხავდე და ლოცულობდე, – იგივეა, რომ ზღვაში თესავდე და მოსავალს ელოდე[13].
ღირსი
იოანე სინელი: "თუკი
სულიწმიდა იწოდება და არის კიდეც სიმშვიდე სულთა, ხოლო მრისხანება - აღშფოთება
გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც -
მრისხანება"[14].
შდრ.,
ასევე, წმიდა თეოფანე დაყუდებული[15]:
"უფლის წინაშე არაფერს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც წყენათა მიტევებას,
რადგან იგი არის მიბაძვა საღვთო გულმოწყალების ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე
მახლობელი ქმედებისა. ისე ადვილად არაფერი გვაცდუნებს, როგორც გაბრაზება და
სურვილი სამაგიეროს გადახდისა ჯავრიანი სიტყვით, არცთუ იშვიათად კი საქმით.
მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ შევიძინოთ ის, რაც თავად გვეძლევა ხელთ, ყოველ
წუთში ვკარგავთ. თუ მიუტევებ, შეიძენ შინაგან სიმშვიდესა (ხაზი ჩემია - ტ.ფ.) და
უფლისგან შეწყალებას, არ მიუტევებ და გაგიძლიერდება შინაგანი შფოთი (ხაზი ჩემია -
ტ.ფ.), უფლისგან წყალობას კი ნუღარ ელი"... "მიტევება არის ყველაზე
მიმზიდველი სათნოება, რაც უმალვე აჯილდოებს გულს"[16]
მრისხანების განკურნება"
მიტევებით[19] ხდება;
მიტევება კი სულის სიმშვიდეს მოიტანს; შდრ.:
მრისხანება და სიმშვიდე
მდგომარეობაა; მიტევება კი - პროცესი; მიტევების პროცესის შედეგია ან მომაკვდინებელი
ცოდვა - მრისხანება (სიბრაზე), ანდა - სიმშვიდე - უდიდესი სათნოება.
აქვე ჩნდება კიდევ ერთი მთავარი წახნაგი:
- მაგ., საქართველოს წინააღმდეგ ხმალშემართულ მტერს უნდა მივუტევოთ და
წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ?
- სუბიექტს, რომელიც ჩემს მოკვლას ლამობს, ჩვენს ღირსებასა თუ
სამშობლოს თელავს, უპირობოდ უნდა მივუტევო?
- ინდივიდს, ვინც შვილს, ძმასა თუ მშობელს გვიკლავს, უნდა ვაცალო და მივუტევო?
ადამიანი ნორმალური პიროვნება ვერ იქნება, თუკი სამშობლოს,
ოჯახის მტერს თავს დაუხრის და განადგურების საშუალებას მისცემს. არც ქრისტიანობა
და არც საერო კანონი ცოდვად/დანაშაულად არ თვლის მტრის მოკვლას. უნდა
აპატიო/მიუტევო მას, ვინც პირადად გაწყენინა, ვინც შენი მევალეა, ვინც ვერ გაგიგო,
ვინც გაგაბრაზა... ასეთ შემთხვევებში შეგიძლია თქვა:
- ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ვაპატიო ჩემს "მოვალეს" (მას,
ვინც მაწყენინა, ვინც უსამართლოდ გამლანძღა...), რომ განსაცდელში/ბოროტებაში არ
ჩავვარდე... მით უმეტეს, უნდა მიუტევო ძმას, ახლობელს, მეგობარს, ყოფილ
მეგობარს:
იხ., მაგ.: მათე, 18:21:22: მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
ახლობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი თუ გაწყენინებს, გულს თუ გატკენს, გაიხსენე მის მიერ შენდამი წარსულში გამოვლენილი სიყვარული და იოლად
მიუტევებ; მის მეგობრად თუ არ/ვერ დარჩები, მის მიმართ სიძულვილითა და მტობით
მაინც ნუ განიმსჭვალები; ზოგადად, სხვა ადამიანს შენთან დაშვებულ შეცდომას თუ
მიუტევებ, ბოროტებაში აღარ ჩავარდები!
კიდევ ერთი ნიუანსი:
მწყენინებელმა თუკი არ მოინანია, გიჭირს მასზე მიტევება; შესაბამისად,
განსაცდელი უფრო დიდია ამ დროს:
საკუთარ გულში უნდა მივუტევო, რომ არ ვიცხოვრო მრისხანებით,
შურისძიებით და სიძულვილით! ჩემს არააგრესიულობას რომ დაინახავს, "მოვალეშიც"
გაიღვიძებს, გაძლიერდება ღვთიური საწყისი და მასშიც გაიმარჯვებს აბელური
საწყისი კაენურ საწყისზე.
მტერს მკერდს ვერ შეუშვერ, რომ ტყვია გულში გესროლოს: რეალური მტერი
უნდა დაამარცხო! სწორედ აქ არის კიდევ ერთი მარადიული პრობლემა:
ყოველთვის ვიცით კი, ვინ არის
რეალური მტერი?!
მოცემულ აწმყოში (და ყველა დროში!) რეალური მტრის განსაზღვრა მთავარი
პრობლემაა; რეალური მტერიც, პირველ რიგში, ორიენტირებს გიბუნდოვნებს, რომ ვერ
გაარკვიო მტერი და მოყვარეს უნებურად უმტრო[20]...
ამიტომაა არსებითი, იცხოვრო მიტევების პერსპეტივით, რომ ნაკლებ ადამიანთა შორის
ეძიო რეალური მტერი (რომ უნებურად, შემთხვევით, მოყვარე არ გაწირო)!
მტრის დამარცხებისა თუ განადგურების გამო ადამიანი განსაცდელსა თუ
ბოროტებაში არ ვარდება! ადამიანი
განსაცდელში აღმოჩნდება სწორედ მიტევების ვერშეძლების გამო; რა თქმა უნდა,
ხორციელი ცოდვების (უღმერთობა, მკვლელობა, მრუშობა, ქურდობა, ცილისწამება,
შური...) გამოც.
ერთიც:
ადამიანი, რომელსაც ბევრი სიკეთე გაუკეთე, მაგრამ მაინც უსაფუძვლოდ გატკინა
გული, ანდა, შეურაცხყოფა მოგვაყენა თუ შენს წინაშე დანაშაული ჩაიდინა (შენს წინაშე "ვალი" დაიდო), მიტევების შემდეგ შეიძლება შენი
მეგობარიც გახდეს /ან, ისევ გახდეს შენი მეგობარი/; თუმცა, ეს მხოლოდ იმ
შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ის გაიაზრებს თავის შეცდომას და გულწრფელად მოინანიებს. მხოლოდ შეუქცევადი მონანიების
შემთხვევაში ბრუნდება მიტევებულისადმი ნდობა (სხვა შემთხვევაში არაფერი უშველის
გაბზარულ სამეგობრო გულს).
ამრიგად:
წარმოდგენილი "საუფლო ლოცვის" მიხედვით, მიტევების უნარის გარეშე ცხოვრება არის განსაცდელში დარჩენა: როცა მიტევება არ შეგიძლია და სიბრაზით, მრისხანებით შურისძიებით, ბოღმით ცხოვრობ და შენს ენერგიას ნეგატივს - სიძულვილს - ახარჯავ.
მტრისაგან უნდა დაიცვა ღირსება, ოჯახი, სამშობლო; მოწინააღმდეგეც
უნდა დაამარცხო, მაგრამ სიძულვილით არ უნდა იცხოვრო; სასიცოცხლო ენერგია შურის, ბოღმის მონელებას კი არა, თავდაცვას, მიტევებასა და სიკეთის ქმნას უნდა მოახმარო; ასეთ შემთხვევაში მიაღწევ მყარ წარმატებას; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებ, იცხოვრო პოზიტივით, სიმშვიდით და სიყვარულით.
ჩემს სტატიას კი ასე დავასრულებ:
ღმერთო ძლიერო და ყოვლისშემძლევ, მომეცი ძალა, მივუტევო მათ, ვინც გული მატკინა, რომ არმიტევების განსაცდელს გადავურჩე, მრისხანებასა და ბოროტებაში არ დავრჩე, სიმშვიდითა და სიყვარულით ვიცხოვრო და ჩემი სასიცოცხლო ენერგია სიყვარულსა და სიკეთის ქმნას მოვახმარო!
ადამიანთა უმრავლესობა განსაცდელის დროს ხედავს/გრძნობს ღმერთის ძალას... ზამთრის გარდა ჩემი
ბრალიც იყო ის, რომ ამ ცოტა ხნის წინ
ერთ განსაცდელში აღმოვჩნდი. გადავრჩი. ეს წერილი მანამდე დავწერე, თუმცა,
ეს შემთხვევა დამეხმრა, ასე დმეზუსტებინა "მამაო ჩვენოს" ცნობილი ფრაზის:
"და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" გააზრება.
[3] http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-6.htm
[5] თუ ვერ აპატიებ სხვებს, შენი ცოდვები არ მოგეტევება და შესაბამისი საზღაურიც
(ბოროტებაში დარჩენა!) შენვე დაგეკისრება.
ἁγιασθήτω τὸ ὄνομά Σου·
ἐλθέτω ἡ Βασιλεία Σου·
γενηθήτω τὸ θέλημά Σου,
ὡς ἐν οὐρανῷ καὶ ἐπὶ τῆς γῆς·
τὸν ἄρτον ἡμῶν τὸν ἐπιούσιον δὸς ἡμῖν σήμερον·
καὶ ἄφες ἡμῖν τὰ ὀφελήματα ἡμῶν,
ὡς καὶ ἡμεῖς ἀφίεμεν τοῖς ὀφειλέταις ἡμῶν·
καὶ μὴ εἰσενέγκῃς ἡμᾶς εἰς πειρασμόν,
ἀλλὰ ῥῦσαι ἡμᾶς ἀπὸ τοῦ πονηροῦ.
ბერძნული
ტექსტის განმარტება მოგვაწოდა მამა მიქაელმა (ბრეგვაძემ), როსთვისაც მას დიდ მადლობას
ვუხდით.
[9] მათეს სახარება, თავი VI, გვერდი 438. ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის მატიანე, შედარებული
ებრაულ და ბერძნულ დედნებს. თავი VI, გვერდი 438. კოსტანდნუპოლისი; გ.პაღტატლიანის გამომცემლობა, 1895 წელი.
[10] მათეს სახარება, თავი VI, გვერდი 991-992. ბიბლია,
ძველი და ახალი აღთქმა, ამსტერდამი, დაბეჭდილი წმინდა ეჩმიაძინისა და წმინდა სარგის
ზორავარის (მთავარსარდლის) გამომცემლობაში მაცხოვრის 1666 წელს, ხოლო სომხური წელთაღრიცხვით
1115 წლის (+551) 11 მარტს.
ქართული თარგმანი: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი
შენი. მოვიდეს მეუფება შენი, იყვნეს ნება შენი, როგორც ცაში, ასევე მიწაზე. პური ჩვენი
ყოველდღიური მომეც ჩვენ დღეს და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ
ჩვენს თანამდებთ. და ნუ წაგვიყვან ჩვენ საცდუნებლად (გამოსაცდელად), არამედ
გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენია მეუფება და ძლიერება და დიდება საუკუნოდ.
სიტყვების მნიშვნელობები ძველი სომხურის ლექსიკონის
განმარტებით ალექსანდრე ხუდაბაშიანი, სომხურ-რუსული ლექსიკონი, ერევნის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, ერევანი 1986 წელი. փորձութիւն - искушение, опыт, злополучие;
պարտք -
долг, должность, обязанность, требование. հանապազորդ - непрестанный, частый, насущий,
ежедневный, повседневный, безпрерывно, всегда.
"ეთერული
ანუ სასიცოცხლო სხეულის შეცდომა არის ვალი (თანანადები);
ასტრალური
სხეულის შეცდომა არის ცდუნება (განსაცდელში შესვლა);
"მე"
შეცდომა არის ბოროტება." /მამაო ჩვენო (ეზოთერული მიმოხილვა), 1907, გვ. 21: http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2027
[12]
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/mate1-7.htm
[13]
http://martlmadidebloba.ge/mogvatseoba25.html
[14]
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/8.htm
[15]
http://martlmadidebloba.ge/ganmarteba14.html
[16]
http://martlmadidebloba.ge/ganmarteba14.html
[17] მრისხანება - მძაფრი რეაქცია ფიზიკურ ან ზნეობრივ დაბრკოლებაზე, რომელიც იწვევს სამაგიეროს გადახდისა და ამ განცდათა აღმძვრელი პირის დასჯის სურვილს;
[18]მომაკვდინებელი ცოდვები: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და
შური შდრ.,
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/138360-romelia-8-momakvdinebeli-codva-qes-codvebi-adamians-ghmerths-avitsyebsq.htm:
ნაყროვანება/სიმთვრალე, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება/სიფიცხე, ურვა
(მწუხარება), მოწყინება, მცონარობა, მზვაობრიობა/ ადამიანური დიდების ძიება, სიამაყე.
[19] მიტევება - აქტი, რომლითაც აღსარების მიმღები სინანულის ანუ შერიგების საიდუმლოში იესო ქრისტესა და ეკლესიის სახელით მონანიეს ჩადენილ ცოდვათაგან მიტევებულად ადგენს და აცხადებს; ზოგადად,
მიტევება - წყენის, დანაშაულის გულწრფელად პატიება.
[20] სხვადასხვა საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ წყობას სხვადასხვა ორიენტირები
აქვს: ქართველების დიდი ნაწილისათვის საუკუნოვანი
ორიენტირებია: იესო ქრისტე (სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი), წმინდა
გიორგი, წმინდა დავით აღმაშენებელი, წმინდა ილია მართალი, ქართველთა ენობრივი
ერთიანობის მცველი იაკობ გოებაშვილი... მტერი, პირველ რიგში, სწორედ ამ
ორიენტირებს ებრძვის, ცდილობს გაგვიბუნდოვნიოს, დაგვავიწყოს; შდრ.: საბჭოთა
იმპერიის მესვეურნი ცდილობდნენ, ორიენტირად ექციათ ვლადიმერ ლენინი; განსხვავებული
აზრების მიუხედავად, თურქეთის ორიენტირი
დღემდეა ათა თურქი და სხვ.
0 Comments:
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home