Thursday, October 17, 2013

მზიანი ხევსურეთი



მზიანი ხევსურეთი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა "ფილოლოგია" ითვალისწინებს საველე პრაქტიკას ქართველურ დიალექტოლოგიაში. რექტორატის მიერ დაფინანსებული ექსპედიცია წელს პირაქეთა ხევსურეთში  განხორციელდა /კორშა - ბარისახო - როშკა/.
საოცრად გაგვიმართლა:
 შუა ოქტომბერში როშკაშიც კი - საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში (ზღვის დონიდან 2050 მეტრი) -  მზიანი და თბილი დღეები გვქონდა (ზოგჯერ წვიმა ფეხდაფეხ მოგყვებოდა - გვინდობდა!), მშვიდობიანად ვიარეთ "იწრო ღულის ჭალაშიც"; ზუსტად საჭირო დროს წამოგვეწია უფლის მიერ გამოგზავნილი მთიული შალვას "მაზი", რომელმაც თითქმის 10 კილომეტრით შეგვიმცირა ფეხით სავალი 20-კილომეტრიანი გზა როშკამდე...  ბოლოს, ჩვენი ემოცია სინდაურისძის მწვერვალს ააშორა "მორიგე ღმერთის" /მამა ღმერთის/ ნებით შექმნილმა სურათმა, რომელიც ასე შეიძლება აღიწეროს: დევთა ნასროლ ლოდებს შორის მომდინარე რძის მდინარე, ზემოთ - ლოდებსშუა სოფელი, რომელსაც დიდებულად ასრულხატებს თოვლიან-გვირგვინიანი ცროლისა და არხოტის მთები... 

და ჩვენი მთავარი გამართლება:  დიდებული მასპინძლები - მთის ქართველები, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენენ კავკასიის საუკუნოვან მითურ სამყაროსაც და დღევანდელობასაც: ბათირა არაბული, მარიამ ველთაური-წიკლაურისა (მურთაზ წიკლაურის დედა), მინდია წიკლაური, გოგალ არაბული, ირაკლი არაბული, გიორგი ჭინჭარაული... ჩვენი მთავარი მასპინძლების - მარინე გიგაურისა და შოთა არაბულის - შესახებ კი მოკლედ ასე ვიტყვი:



კორშის ჭალაში - გუდანის ჯვარის "სამაგანძურო ადგილში" - ბოლო 50 წელიწადში დასახლდნენ ახლომახლო სოფლების მკვიდრნი: გუდანის ჯვარის ყმები - არაბულები, ჭინჭარაულები და გოგოჭურები, ასევე, ლიქოკლები, წიკლაურები და ბურდულები; სოფლის ცენტრშია გიგო არაბულის მიწები, რომლის ერთ ნაწილში სახლი-მუზეუმი (და არა - სახლ-მუზეუმი) გააკეთა შოთა არაბულმა; 2001 წელს, როცა პირველად ვიყავი ხევსურეთში, მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მუზეუმიც იყო; ახლა საცხოვრებელი ცალკე აქვს, საოჯახო სასტუმრო - ცალკე და საკუთარი ხელით კოშკად აღმართული მუზეუმი - ცალკე.
ბატონი შოთას ეზოში სამეურნეო ნაგებობებს შორისაა გაფანტული მითიურ თუ რეალურ არსებათა ხის ფიგურები; საოჯახო სასტუმროს დიდ დარბაზში შოთასვე ფერადოვანი ნახატებია გამოფენილი, რომლებშიც ასახულია ხევსურეთის მითოსი, დიდებულ თუ საინტერესო ხევსურთა პორტრეტები, ანდრეზები თუ ხევსურეთის შესახებ შექმნილი ნაწარმოებები... და ამ მრავალწახნაგოვან ქმნილებებს საოცრად ამსუბუქებს ქვეტექსტური იუმორი. რამდენიმე სურათს დავასახელებ: 
"დონ კიხოტი და ხევსური ქალაქის შესასვლელში", "სომეხთან მოვაჭრე ხევსურები რიყეზე", "მუტოსკოპი ანუ დუნიაში ჩახენება", 'ხევსურების ლხინი", "ხევსური ფოტოატელიეში", "სულის ცხენი","'აქიმი მგელიკა ლიქოკელი", "ჯვარის ხარის შეწირვა", "ჟამისწირვა", "გუდანის ჯვარის (საღმრთო წმინდა გიორგის - ბერი ბაადურის) დაარსების ანდრეზი" და სხვ.

შოთა არაბული არის საინტერესო წიგნების ავტორიც: მეცნიერსა თუ მოგზაურს, რომელსაც სურს, აღიქვას ხევსურეთი, ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევს მისი წიგნები: "რჩეული ხევსურები", "ისტრიული თავგადასავალი ხევსურთა"...
ექსპედიციის წევრთა განწყობას უკიდეგანოდ აზღაპრულებდა ოქტომბრის ურიცხვ ფერებად  ამეტყველებული ხევსურეთის არაგვის ხეობა - ფერადოვანი მთები, რომლებიც არასოდეს დაბერდებიან.




ექსპედიციის წევრების მხიარულ, და ამავე დროს, საქმიან განწყობას არაიშვიათად ეხმიანებოდა რექტორის, ბ-ნ სერგო ვარდოსანიძის, კანცლერის, ბ-ნ თამაზ ვაჩაძისა და დეკანის - ბ-ნ ვახტანგ გურულის სატელეფონო ზარები, რომლებიც ხან კორშას ულამაზეს გზებში გვახსენებდა ლამის დავიწყებულ ბარულ ცხოვრებას და ხანაც ბ-ნ შოთა არაბულის ოჯახის ქართველური საცხოვრისის მითურ სამყაროში შემოდიოდა პრაგმატულ წახნაგებად.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის სტუდენტები: მჟავანაძე ნინო, კვერღელიძე მარიამი, გულედანი ელენე, დარბაიძე თამარი, სამადაშვილი თამთა, მაღრაძე გვანცა, გიორგაძე ანა, სისვაძე ნანა,  ნადირაძე ანა, კოძოევი ნათია, გულედანი მარიამი, ბეგაშვილი ანა,  ნასყიდაშვილი ლიკა, კირკიტაძე თამარი, წერეთელი ქეთევანი, კვალიაშვილი დუდი, მათიაშვილი სალომე, ყიფიანი რუსკა, გიორგაია ანა, მძელური თათია, მახარაძე ნათია, ხინთიბიძე მარიამი, ფერაძე ირაკლი და დოქტორანტი თამარ ლომაძე; ექსპედიციას დაემგზავრა ორი სხვა სტუდენტიც: ანა მეგრელიძე და ცოტნე ფუტკარაძე.

ექსპედიციის საქმიან ნაწილს ჩვენი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნება; ამ წერილში კი რამდენიმე დასაფიქრებელ ფაქტს მოვიყვან (მასალის სანდოობა განსაზღვრულია შოთა არაბულის, ასევე, ბათირა არაბულის ცოდნით):


1. პირაქეთა ხევსურეთი დღეს:
პირაქეთა ხევსურეთი შედგებოდა რამდენიმე თემისგან: საარაგვო, ლიქოკი, გორშეღმა, წყალსიქითი. თითოეულ თემში შედიოდა 7-8 სოფელი; უახლოეს წარსულში თითოეულ სოფელში ცხოვრობდა 8-დან 25 კომლამდე. დღეისათვის ბევრი სოფელი გაუკაცრიელებულია.
საარაგვოს ცენტრალური სოფელია ბარისახო; პირაქეთა ხევსურეთში დღესაც აქ ყველაზე მეტი მოსახლეა: დაახლოებით 40 კომლი ცხოვრობს; სოფელში ძირითადად არაბულები და ჭინჭარაულები ცხოვრობენ; ასევე, ბარისახოს ქვემო ნაწილში, გუდანის ჯვარის მამულებში მოგვიანებით დასახლდნენ მეზობელი სოფლებიდან მოსული ხევსურები; ლიქოკლები, გოგოჭურები, ოჩიაურები... საცხოვრებლად აქვეა დარჩენილი ქვემოდან ამოსული ზოგი გვარიც (მაგ., ღვთისო ქავთარაძის ოჯახი).
საარაგვოს სხვა სოფლებია: მოწმაო, გველეთი, სახილე, დათვისი, აჭეხა, ჩირდილი, ბუჩუკურთა, უკანახო, ოხერხევი.

ბათირა არაბული წუხს: "მე რომ დავიბადე, მოწმაოში იყო 8 კომლი; ახლა აღარავინ აღარ არის"... ასევე, დაცარიელდა: აჭეხა /ახლო წარსულში 6 კომლი ცხოვრობდა/, დათვისი /ჩემს ბავშვობას 9-კომლიანი სოფელი იყო/, გველეთი /ახლა მხოლოდ 2 კომლია: მამუკა არაბული, გიგია არაბული/, დაცარიელდა ჩირდილი, ოხერხევი; თითო კომლია; ბუჩუკურთაში /ავთანდილ გოგოჭური/, უკანახოში (მამუკა ჭინჭარაული). უკანახოში ზაფხულობით ამოდის ნიკო ჭინჭარაულის ოჯახი.
ლიქოკის თემის სოფლებია; ქობულო, მაღრანი, აკუშო, კიმხი, კარწაულთა, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, აჭე. აქ დიდი სოფელი იყო ჭალისოფელი, რომელშიც ახლა ერთი კომლიღა ცხოვრობს - დავით ლიქოკელი. მთელ ლიქოკის თემში ზამთრობით ეს ერთი 7-სულიანი ოჯახი რჩება.
ლიქოკის ხევში ზაფხულობით ამოდიან მხოლოდ აკუშოში - გაბრიელ ლიქოკელისა და ღვთისო ლიქოკელის ოჯახები.

წყალსიქითა თემის სოფლებია:
როშკა, ღელისვაკე, ქმოსტი, ბლო, ხორნაულთა, საბერწე, ღელე, ოსენაური. როშკას გარდა ყველა სოფელი დაცარიელდა; ღელისვაკეში ზაფხულობით მხოლოდ ერთი ოჯახი ამოდის - ივანე ბურდული; ბლოში კი - გოგია გიგაური.
როშკაში ზამთარში მხოლოდ 3 კომლი რჩება: ივანე წიკლაური, მინდია წიკლაური, მიხიე წიკლაური. ზაფხულობით აქ ამოდიან: სუმბატა და თორელ წიკლაურები, სუმბატა აბაისძის ძე წიკლაური, შოთა წიკლაური, ბადრი წიკლაური.
გორშეღმის თემის სოფლებია: გუდანი, ჩხუბა, აყნელი, ბაცალიგო, ატაბე, წინხადუ, ზეისტეჩო, უკანხადუ, ჭიე, ღული, ძეძეურთა, ჭორმეშავი, ბისო, ხახმატი, ხიტალე, მისახი.
გუდანში 7 კომლი ცხოვრობს: გიორგი გადუას ძე ჭინჭარაული, გიორგი გიგოლეს ძე ჭინჭარაული, გოდერძი ჭინჭარაული, გოჩა ჭინჭარაული, გია ჭინჭარაული, შალე ჭინჭარაული, გოგია ჭინჭარაული.
 ხახმატში ზამთრობითაც რჩება მხოლოდ კოლა ალუდარი; ზეისტეჩოში - მიხა არაბული; სხვა სოფლები დაცარიელდა; მხოლოდ ზაფხულობით ამოდიან: ღულში - ძაღლიკა ქისტაური, ბაქარ ქისტაური; ჭორმეშავში - ტარიელ გოგოჭური, ბისოში - შალვა ქეთელაური და გოგია ქეთელაური; ხახმატში - მამუკა ალუდარი; ჩხუბაში - იოსებ არაბული, ტარიელ არაბული; აყნელში - ჩაჩაურ არაბული, ზურა არაბული; ბაცალიგოში - ყუდია არაბული, სუხა არაბული; ატაბეში - პეტრე გოგოჭური, კვირია გოგოჭური; წინხადუში - ამირან არაბული, გოგია თაველექას ძე არაბული, გენადი არაბული, ჯემალ არაბული, გოგია მიხეილის ძე არაბული; უკანხადუში - ნოდარ ქერაულის ოჯახი. გორშეღმის სხვა სოფლები სრულიად დაცარიელებულია.


2. რატომ დაცარიელდა ხევსურეთი? რატომ არ ენდობოდნენ ხევსურები ბარიდან ამოსულთ?
ბატონ შოთა არაბულს ვეკითხები:
- ბატონო შოთა, მხოლოდ სიდუხჭირემ და ცხოვრების მკაცრმა პირობებმა განაპირობა ხევსურეთის ასე დაცარიელება?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ ცხოვრების მკაცრმა პირობებმა არა! ხევსურეთიდან მუდამ იყო ნებაყოფილობითი მიგრაცია, როცა ოჯახს აღარ ჰქონდა "სამეკვამუროდ სამყოფი მიწა" (ოჯახის სარჩენი მიწა); მიგრაციის მეორე ბუნებრივი მიზეზი იყო მესისხლეობა - ამანათობა, რაც იშვიათი მოვლენა იყო. ბოლო ათწლეულებში მიგრაციის მესამე მიზეზი იყო აქაური უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების დაუსაქმებლობა... ეს ყოველივე ხევსურეთს საფრთხეს არ უქმნიდა, ვინაიდან, როგორც წესი, პატივისმცემელ ხევსურეთში მიწას არ მიატოვებდა გვარი, შესაბამისად, არასოდეს უკაცურდებოდა სამოსახლო... ხევსურეთი მაინც დაცარიელდა და ეს განაპირობა ხელისუფლების პოლიტიკამ:
ხევსურეთის დაცარიელების ხელოვნური მიზეზია ბოლო 200 წელიწადში მეფის რუსეთისა თუ საბჭოთა იმპერიის ხელისუფლებების დანაშაულებრივი პოლიტიკა; კერძოდ: იმპერიის ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა დაუმორჩილებელი ძლიერი მთა, ამიტომ აქედან იძულებით გაჰყავდა მოსახლეობა და ბარში ასახლებდა; ბარში დასახლებულთა მართვა იოლი იყო; ბოლო დიდი გადასახლება განხორციელდა გასული საუკუნის 50-იან წლებში.


აქვე ვიტყვი, რომ ბოლო 200 წელიწადში ხევსურეთში ჩამოყალიბდა უნდობლობა ბარის მიმართაც; კერძოდ:
ა) მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ დააარსა ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება, რომლის ფორმატით აქ ბლაღოჩინები გამოგზავნეს; ისინი აგრესიულნი იყვნენ ხევსურების მიმართ. უშლიდნენ ხევსურული რიტუალების ჩატარებას და, რაც მთავარია, მათ და ბარიდან ამოსულ სხვა მოხელეებს ხევსურეთიდან გაჰქონდათ ჩვენს სალოცავებში დაცული ძვირფასი ხატები, საკრალური თასები, მეფეების მიერ შემოწირული განძი...
ბ) მღვდლებსა და მოხელეებს მოჰყვნენ რუსი მკვლევარები; ისინი მოდიოდნენ პოლიციელებისა თუ ჟანდარმების თანხლებით; თუ რაიმე ღირებული იყო, მათაც გაჰქონდათ ხევსურეთიდან... ასე ნადგურდებოდა ხევსურეთის რელიქვიები...
გ) რევოლუციის შემდეგ, როცა ხევსურეთმა მხარი დაუჭირა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, შემოვიდნენ საბჭოთა ხელისუფლების მოხელეები, რომლებმაც გააგრძელეს რუსების პოლიტიკა; დაიწყეს ხალხის დასმენა, ფშავლებისა და ხევსურების დაპირისპირება და ა.შ.

დ) საბჭოთა პერიოდშივე შემოვიდნენ მასწავლებლები, რომელთა არც თუ მცირე ნაწილი, კაგებეს აწვდიდა ინფორმაციას, თუ ვის ჰქონდა იარაღი, ვის არ მოსწონდა კომუნისტები...
ამ მიზეზთა გამო ხალხმა დაკარგა ნდობა ბარიდან ამოსულების მიმართ. ერთ ამბავს გავიხსენებ:
1937 წელს ხევსურეთში, ბარისახოში, ლიქოკში, ჩირდილში  მოვიდნენ ქალი და კაცი, ვითომ ამერიკელი გეოლოგები; მათ თქვეს, რომ ამერიკელები იყვნენ და ხალხს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა დაეხმარებოდა მათ კომუნისტების წინააღმდეგ... აღმოჩნდა, რომ ეს ვითომ გეოლოგი ყოფილა კაგებეშნიკი ქვლივიძე, რომელმაც დაასმინა ხევსურები და სასამართლოზეც დაუპირისპირდა, როგორც მოწმე.
დაპატიმრება კი ასე მზაკვრულად მოხდა:
დაიბარეს ხევსურები თბილისში, ვითომ ამ გეოლოგის მიერ შეპირებული იარაღის დარიგების საბაბით და ყველანი დააპატიმრეს; ერთი, ბერდია ფიცხელაური, გამოექცათ და ამბავი ამოიტანა... ერთი საინტერესო პასაჟიც: სასამართლოზე ხევსურებს ტროცკისტობა დააბრალეს; ხევსურებს უკითხავთ:
- რა არის ტროცკი, ეს მაინც გვითხარით! - ტროცკი რომ ადამიანის  გვარი იყო, ბრალდებულებმა არ იცოდნენ. 
შოთა არაბული გვიყვება: ჩემს სოფელში, ჩირდილში, ქვლივიძე რომ მოსულა, მიუღია ქაქუცას მეგობარს - ბაბუტა არაბულს; ბაბუტასთანაც დაუწყია მას კომუნისტების ლანძღვა; ბაბუტა  მიხვედრილა მის პროვოკატორობას და უთქვამს: "ჩემთვის შავი და თეთრი ძაღლი ერთია!.. იმ პერიოდში ჩემი  სოფლიდან არავინ დაუჭერიათ,  ლიკოქში კი მაგარი მეამბოხენი იყვნენ; იქ ბევრი დაიჭირეს... ბაბუტა მთელი ცხოვრება ჩუმად იყო; არავის ენდობოდა.
დაუმორჩილებელი ხევსურების გასანეიტრალებლად დაიგეგმა სოწრედ გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურთა გადასახლება შირაქსა და გამარჯვებაში.
ბარისადმი ნდობა ახლა ნელ-ნელა ბრუნდება, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაა: ბარს არ ახსოვს მთა, არჩევნების დროსაც კი, იმიტომ, რომ აქ ცოტა ამომრჩეველია.


3. ხევსურეთი და წმინდა გიორგი:
წმინდა გიორგის ეპითეტები ხევსურეთში - ეს თემა ლინგვისტიკასაც მოიცავს და თავს უფლება მივეცი, ამ მიმართულებით მემუშავა... ჩემი მეგობარი - შოთა არაბული ბევრ ინფორმაციას ფლობს:
შოთა არაბული: ქალბატონი ვერა ბარდაველიძე წიგნში: "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლებში" (1982) ასახელებს წმინდა გიორგის სახელობის შემდეგ სალოცავებს:
- გიორგი ნაღავრმშვენიერი (ნაღვრისპირისა) - ხახმატში (ხახმატის ჯვარი ანუ გიორგი ნაღვრის პირისა, რჯულიან-ურჯულოს სალოცავი),
- სომხოს წმინდა გიორგი (არდოტში),
- გიორგი ბეკენ-გორისა (შატილი),
- გიორგი ნაჴეშ-მაბურთალი (გუროში),
- გიორგი წყაროს-გორისა (ხახაბო)...
ამას გარდა ხახმატში კიდევ არის გიორგი ბოსლოვანისა; სოფელ ჩირდილში - წმინდა გიორგი სამკიბლისა (სამკიბლური), ქმოსტის თეთრი გიორგი მინდვრის ჯვარი, ბლოს წმინდა გიორგი ბერმუხას დაარსული (დაარსებული), როშკის წმინდა გიორგი და ოჴერჴევის წმინდა გიორგი... ესეც შეიძლება არ იყოს სრული ჩამონათვალი - ამბობს ჩვენი დიდებული მასპინძელი.
ვფიქრობ, "წმინდა გიორგი ხევსურეთში" შეიძლება სწორედ ის "გასაღები" იყოს, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ჩვენთვის ცნობილი ხევსურული "რწმენა-წარმოდგენები" /ანდრეზები მორიგე ღმერთის, ღვთისშვილების, ნახორცივლარი ღვათაებების... შესახებ/ ქრისტიანულ საფუძველზეა განვითარებული და არა - წარმართულზე...


ხევსურეთში წმინდა გიორგის თემის ანალიზი ვრცელი და გამოწვლილვითი მასალის ბაზაზე უნდა მოხდეს; ეს მომავლის საქმეა.
ექსპედიციის ჩემთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო "მოსაკითხით მისვლა" როშკელი მურთაზის ოჯახში - ხუხით ივანეს სახლში:
ჩემი ძველი ნაცნობი, 27 წლის მურთაზ წიკლაური  - ავარიაში დაღუპულა; მე ეს ცუდი ამბავი არ ვიცოდი; აქაური წესისამებრ, "მოსაკითხით" მივედით ოჯახში.
შენიშვნა: მოსაკითხით მისვლა ორგვარია; კარგ ამბავზე მისვლა და ცუდ ამბავზე მისვლაც; მერჩივნა მურთაზისთვის ახალუხალში /ქორწილში/ მივსულიყავი ან დიაცის მოყვანა /ცოლის შერთვა/ მიმელოცა... ბავშვი როცა შეეძინება, მისალოცად მისვლას ჰქვია "მოსანახავით მისვლა".


მამა სახლში არ იყო; დედამ და დებმა გვიმასპინძლეს:
- ღმერთმ კარგით გიკითხნასთ ჩვენის მაკითხვისად! - შემოგხვდა მასპინძელი. შემდეგ მან დადგა ტაბლა (სუფრა, რომელზეც დევს: არაყი/ღვინო/ლუდი, წყალი და საჭმელი).
წესისამებრ, მოსაკითხით მისულებმა ჩვენი სასმელი დავასხით და ჭიქა მივაწოდეთ დედას - ქალბატონ მარიამ ველთაურს (წიკლაურს), რომელმაც, ასევე წესისამებრ, დალოცა ტაბლა:
- დიდება ღმერთო, მადლი ღმერთო, კაციც შენ გეძახს, სულიც შენ გებარების, სადაც შენ ხარ, მურთაზ, შენ სამყოფოიას ეს ტაბლა, სასმელი და წყალი, როგორც ჩვენ წინ ას, შენიმცა საჴმარ იქნების, კარიმც მღეი გაქვ, ტაბლაიც მზაი გაქვ; შუქითა სინათლითა მაგივ, სხვათაზე მეტიმც გექნების, ნურაიმცა დაგაღონებს; შაგინდნას, ღმერთმა მაგახმარას... თქვენ ვინც მაგყვათ (იგულისხმება ჩვენი გარდაცვლილების სულები), იმათ საჴმარიც იქნების და მურთაზიმ გაუმასპინძლდების... თქვენ კარგა იყვენით - გვითხრა ბოლოს.
ყველანი წამოვდექით და ვთქვით მურთაზის შესანნდობარი:
- შაუნდნას, მაახმარას!..

წერილს ხევსურული ფრაზით დავამთავრებ:
ბევრ ჭირ-ვარამ გამაიარ ხევსურეთმ, ბევრა დაიკარგ, მაგრე (მაგრამ) დღესნამდე მავიდ... არ მინდ, რო ხევსურულ ტრადიციულ ყოფა და ის საცოდარ (ცოდნა), რომენიც მარტო ანდრეზებში დარჩ, დაიკარგას... არ მინდ, რომ გაიჴანცას ქართველი ერის გონი (გაჴანცვა - მეხსიერების დაკარგვა); ყველამ ჴელ უნდა შაუწყვას, რო დარჩას ჴევსურეთი, რომ ჴევსურეთჩი მეანდრეიზეც ბევრ იყვას, საანდრეზოიც... არ მაიშალას ჯვარ-ჯვარისკარი და ყმანიც გამრავლებულიყვნან.


ტარიელ ფუტკარაძე
ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი


0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home