Monday, October 21, 2013

გეოპოლიტიკა: საქართველოს ეკლესია ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტ...

გეოპოლიტიკა: საქართველოს ეკლესია ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტ...: ტარიელ ფუტკარაძე საქართველოს ეკლესია ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში /დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ძველი და ახალი შეცდომები ...

Thursday, October 17, 2013

მზიანი ხევსურეთი



მზიანი ხევსურეთი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა "ფილოლოგია" ითვალისწინებს საველე პრაქტიკას ქართველურ დიალექტოლოგიაში. რექტორატის მიერ დაფინანსებული ექსპედიცია წელს პირაქეთა ხევსურეთში  განხორციელდა /კორშა - ბარისახო - როშკა/.
საოცრად გაგვიმართლა:
 შუა ოქტომბერში როშკაშიც კი - საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში (ზღვის დონიდან 2050 მეტრი) -  მზიანი და თბილი დღეები გვქონდა (ზოგჯერ წვიმა ფეხდაფეხ მოგყვებოდა - გვინდობდა!), მშვიდობიანად ვიარეთ "იწრო ღულის ჭალაშიც"; ზუსტად საჭირო დროს წამოგვეწია უფლის მიერ გამოგზავნილი მთიული შალვას "მაზი", რომელმაც თითქმის 10 კილომეტრით შეგვიმცირა ფეხით სავალი 20-კილომეტრიანი გზა როშკამდე...  ბოლოს, ჩვენი ემოცია სინდაურისძის მწვერვალს ააშორა "მორიგე ღმერთის" /მამა ღმერთის/ ნებით შექმნილმა სურათმა, რომელიც ასე შეიძლება აღიწეროს: დევთა ნასროლ ლოდებს შორის მომდინარე რძის მდინარე, ზემოთ - ლოდებსშუა სოფელი, რომელსაც დიდებულად ასრულხატებს თოვლიან-გვირგვინიანი ცროლისა და არხოტის მთები... 

და ჩვენი მთავარი გამართლება:  დიდებული მასპინძლები - მთის ქართველები, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენენ კავკასიის საუკუნოვან მითურ სამყაროსაც და დღევანდელობასაც: ბათირა არაბული, მარიამ ველთაური-წიკლაურისა (მურთაზ წიკლაურის დედა), მინდია წიკლაური, გოგალ არაბული, ირაკლი არაბული, გიორგი ჭინჭარაული... ჩვენი მთავარი მასპინძლების - მარინე გიგაურისა და შოთა არაბულის - შესახებ კი მოკლედ ასე ვიტყვი:



კორშის ჭალაში - გუდანის ჯვარის "სამაგანძურო ადგილში" - ბოლო 50 წელიწადში დასახლდნენ ახლომახლო სოფლების მკვიდრნი: გუდანის ჯვარის ყმები - არაბულები, ჭინჭარაულები და გოგოჭურები, ასევე, ლიქოკლები, წიკლაურები და ბურდულები; სოფლის ცენტრშია გიგო არაბულის მიწები, რომლის ერთ ნაწილში სახლი-მუზეუმი (და არა - სახლ-მუზეუმი) გააკეთა შოთა არაბულმა; 2001 წელს, როცა პირველად ვიყავი ხევსურეთში, მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მუზეუმიც იყო; ახლა საცხოვრებელი ცალკე აქვს, საოჯახო სასტუმრო - ცალკე და საკუთარი ხელით კოშკად აღმართული მუზეუმი - ცალკე.
ბატონი შოთას ეზოში სამეურნეო ნაგებობებს შორისაა გაფანტული მითიურ თუ რეალურ არსებათა ხის ფიგურები; საოჯახო სასტუმროს დიდ დარბაზში შოთასვე ფერადოვანი ნახატებია გამოფენილი, რომლებშიც ასახულია ხევსურეთის მითოსი, დიდებულ თუ საინტერესო ხევსურთა პორტრეტები, ანდრეზები თუ ხევსურეთის შესახებ შექმნილი ნაწარმოებები... და ამ მრავალწახნაგოვან ქმნილებებს საოცრად ამსუბუქებს ქვეტექსტური იუმორი. რამდენიმე სურათს დავასახელებ: 
"დონ კიხოტი და ხევსური ქალაქის შესასვლელში", "სომეხთან მოვაჭრე ხევსურები რიყეზე", "მუტოსკოპი ანუ დუნიაში ჩახენება", 'ხევსურების ლხინი", "ხევსური ფოტოატელიეში", "სულის ცხენი","'აქიმი მგელიკა ლიქოკელი", "ჯვარის ხარის შეწირვა", "ჟამისწირვა", "გუდანის ჯვარის (საღმრთო წმინდა გიორგის - ბერი ბაადურის) დაარსების ანდრეზი" და სხვ.

შოთა არაბული არის საინტერესო წიგნების ავტორიც: მეცნიერსა თუ მოგზაურს, რომელსაც სურს, აღიქვას ხევსურეთი, ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევს მისი წიგნები: "რჩეული ხევსურები", "ისტრიული თავგადასავალი ხევსურთა"...
ექსპედიციის წევრთა განწყობას უკიდეგანოდ აზღაპრულებდა ოქტომბრის ურიცხვ ფერებად  ამეტყველებული ხევსურეთის არაგვის ხეობა - ფერადოვანი მთები, რომლებიც არასოდეს დაბერდებიან.




ექსპედიციის წევრების მხიარულ, და ამავე დროს, საქმიან განწყობას არაიშვიათად ეხმიანებოდა რექტორის, ბ-ნ სერგო ვარდოსანიძის, კანცლერის, ბ-ნ თამაზ ვაჩაძისა და დეკანის - ბ-ნ ვახტანგ გურულის სატელეფონო ზარები, რომლებიც ხან კორშას ულამაზეს გზებში გვახსენებდა ლამის დავიწყებულ ბარულ ცხოვრებას და ხანაც ბ-ნ შოთა არაბულის ოჯახის ქართველური საცხოვრისის მითურ სამყაროში შემოდიოდა პრაგმატულ წახნაგებად.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის სტუდენტები: მჟავანაძე ნინო, კვერღელიძე მარიამი, გულედანი ელენე, დარბაიძე თამარი, სამადაშვილი თამთა, მაღრაძე გვანცა, გიორგაძე ანა, სისვაძე ნანა,  ნადირაძე ანა, კოძოევი ნათია, გულედანი მარიამი, ბეგაშვილი ანა,  ნასყიდაშვილი ლიკა, კირკიტაძე თამარი, წერეთელი ქეთევანი, კვალიაშვილი დუდი, მათიაშვილი სალომე, ყიფიანი რუსკა, გიორგაია ანა, მძელური თათია, მახარაძე ნათია, ხინთიბიძე მარიამი, ფერაძე ირაკლი და დოქტორანტი თამარ ლომაძე; ექსპედიციას დაემგზავრა ორი სხვა სტუდენტიც: ანა მეგრელიძე და ცოტნე ფუტკარაძე.

ექსპედიციის საქმიან ნაწილს ჩვენი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნება; ამ წერილში კი რამდენიმე დასაფიქრებელ ფაქტს მოვიყვან (მასალის სანდოობა განსაზღვრულია შოთა არაბულის, ასევე, ბათირა არაბულის ცოდნით):


1. პირაქეთა ხევსურეთი დღეს:
პირაქეთა ხევსურეთი შედგებოდა რამდენიმე თემისგან: საარაგვო, ლიქოკი, გორშეღმა, წყალსიქითი. თითოეულ თემში შედიოდა 7-8 სოფელი; უახლოეს წარსულში თითოეულ სოფელში ცხოვრობდა 8-დან 25 კომლამდე. დღეისათვის ბევრი სოფელი გაუკაცრიელებულია.
საარაგვოს ცენტრალური სოფელია ბარისახო; პირაქეთა ხევსურეთში დღესაც აქ ყველაზე მეტი მოსახლეა: დაახლოებით 40 კომლი ცხოვრობს; სოფელში ძირითადად არაბულები და ჭინჭარაულები ცხოვრობენ; ასევე, ბარისახოს ქვემო ნაწილში, გუდანის ჯვარის მამულებში მოგვიანებით დასახლდნენ მეზობელი სოფლებიდან მოსული ხევსურები; ლიქოკლები, გოგოჭურები, ოჩიაურები... საცხოვრებლად აქვეა დარჩენილი ქვემოდან ამოსული ზოგი გვარიც (მაგ., ღვთისო ქავთარაძის ოჯახი).
საარაგვოს სხვა სოფლებია: მოწმაო, გველეთი, სახილე, დათვისი, აჭეხა, ჩირდილი, ბუჩუკურთა, უკანახო, ოხერხევი.

ბათირა არაბული წუხს: "მე რომ დავიბადე, მოწმაოში იყო 8 კომლი; ახლა აღარავინ აღარ არის"... ასევე, დაცარიელდა: აჭეხა /ახლო წარსულში 6 კომლი ცხოვრობდა/, დათვისი /ჩემს ბავშვობას 9-კომლიანი სოფელი იყო/, გველეთი /ახლა მხოლოდ 2 კომლია: მამუკა არაბული, გიგია არაბული/, დაცარიელდა ჩირდილი, ოხერხევი; თითო კომლია; ბუჩუკურთაში /ავთანდილ გოგოჭური/, უკანახოში (მამუკა ჭინჭარაული). უკანახოში ზაფხულობით ამოდის ნიკო ჭინჭარაულის ოჯახი.
ლიქოკის თემის სოფლებია; ქობულო, მაღრანი, აკუშო, კიმხი, კარწაულთა, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, აჭე. აქ დიდი სოფელი იყო ჭალისოფელი, რომელშიც ახლა ერთი კომლიღა ცხოვრობს - დავით ლიქოკელი. მთელ ლიქოკის თემში ზამთრობით ეს ერთი 7-სულიანი ოჯახი რჩება.
ლიქოკის ხევში ზაფხულობით ამოდიან მხოლოდ აკუშოში - გაბრიელ ლიქოკელისა და ღვთისო ლიქოკელის ოჯახები.

წყალსიქითა თემის სოფლებია:
როშკა, ღელისვაკე, ქმოსტი, ბლო, ხორნაულთა, საბერწე, ღელე, ოსენაური. როშკას გარდა ყველა სოფელი დაცარიელდა; ღელისვაკეში ზაფხულობით მხოლოდ ერთი ოჯახი ამოდის - ივანე ბურდული; ბლოში კი - გოგია გიგაური.
როშკაში ზამთარში მხოლოდ 3 კომლი რჩება: ივანე წიკლაური, მინდია წიკლაური, მიხიე წიკლაური. ზაფხულობით აქ ამოდიან: სუმბატა და თორელ წიკლაურები, სუმბატა აბაისძის ძე წიკლაური, შოთა წიკლაური, ბადრი წიკლაური.
გორშეღმის თემის სოფლებია: გუდანი, ჩხუბა, აყნელი, ბაცალიგო, ატაბე, წინხადუ, ზეისტეჩო, უკანხადუ, ჭიე, ღული, ძეძეურთა, ჭორმეშავი, ბისო, ხახმატი, ხიტალე, მისახი.
გუდანში 7 კომლი ცხოვრობს: გიორგი გადუას ძე ჭინჭარაული, გიორგი გიგოლეს ძე ჭინჭარაული, გოდერძი ჭინჭარაული, გოჩა ჭინჭარაული, გია ჭინჭარაული, შალე ჭინჭარაული, გოგია ჭინჭარაული.
 ხახმატში ზამთრობითაც რჩება მხოლოდ კოლა ალუდარი; ზეისტეჩოში - მიხა არაბული; სხვა სოფლები დაცარიელდა; მხოლოდ ზაფხულობით ამოდიან: ღულში - ძაღლიკა ქისტაური, ბაქარ ქისტაური; ჭორმეშავში - ტარიელ გოგოჭური, ბისოში - შალვა ქეთელაური და გოგია ქეთელაური; ხახმატში - მამუკა ალუდარი; ჩხუბაში - იოსებ არაბული, ტარიელ არაბული; აყნელში - ჩაჩაურ არაბული, ზურა არაბული; ბაცალიგოში - ყუდია არაბული, სუხა არაბული; ატაბეში - პეტრე გოგოჭური, კვირია გოგოჭური; წინხადუში - ამირან არაბული, გოგია თაველექას ძე არაბული, გენადი არაბული, ჯემალ არაბული, გოგია მიხეილის ძე არაბული; უკანხადუში - ნოდარ ქერაულის ოჯახი. გორშეღმის სხვა სოფლები სრულიად დაცარიელებულია.


2. რატომ დაცარიელდა ხევსურეთი? რატომ არ ენდობოდნენ ხევსურები ბარიდან ამოსულთ?
ბატონ შოთა არაბულს ვეკითხები:
- ბატონო შოთა, მხოლოდ სიდუხჭირემ და ცხოვრების მკაცრმა პირობებმა განაპირობა ხევსურეთის ასე დაცარიელება?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ ცხოვრების მკაცრმა პირობებმა არა! ხევსურეთიდან მუდამ იყო ნებაყოფილობითი მიგრაცია, როცა ოჯახს აღარ ჰქონდა "სამეკვამუროდ სამყოფი მიწა" (ოჯახის სარჩენი მიწა); მიგრაციის მეორე ბუნებრივი მიზეზი იყო მესისხლეობა - ამანათობა, რაც იშვიათი მოვლენა იყო. ბოლო ათწლეულებში მიგრაციის მესამე მიზეზი იყო აქაური უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების დაუსაქმებლობა... ეს ყოველივე ხევსურეთს საფრთხეს არ უქმნიდა, ვინაიდან, როგორც წესი, პატივისმცემელ ხევსურეთში მიწას არ მიატოვებდა გვარი, შესაბამისად, არასოდეს უკაცურდებოდა სამოსახლო... ხევსურეთი მაინც დაცარიელდა და ეს განაპირობა ხელისუფლების პოლიტიკამ:
ხევსურეთის დაცარიელების ხელოვნური მიზეზია ბოლო 200 წელიწადში მეფის რუსეთისა თუ საბჭოთა იმპერიის ხელისუფლებების დანაშაულებრივი პოლიტიკა; კერძოდ: იმპერიის ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა დაუმორჩილებელი ძლიერი მთა, ამიტომ აქედან იძულებით გაჰყავდა მოსახლეობა და ბარში ასახლებდა; ბარში დასახლებულთა მართვა იოლი იყო; ბოლო დიდი გადასახლება განხორციელდა გასული საუკუნის 50-იან წლებში.


აქვე ვიტყვი, რომ ბოლო 200 წელიწადში ხევსურეთში ჩამოყალიბდა უნდობლობა ბარის მიმართაც; კერძოდ:
ა) მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ დააარსა ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება, რომლის ფორმატით აქ ბლაღოჩინები გამოგზავნეს; ისინი აგრესიულნი იყვნენ ხევსურების მიმართ. უშლიდნენ ხევსურული რიტუალების ჩატარებას და, რაც მთავარია, მათ და ბარიდან ამოსულ სხვა მოხელეებს ხევსურეთიდან გაჰქონდათ ჩვენს სალოცავებში დაცული ძვირფასი ხატები, საკრალური თასები, მეფეების მიერ შემოწირული განძი...
ბ) მღვდლებსა და მოხელეებს მოჰყვნენ რუსი მკვლევარები; ისინი მოდიოდნენ პოლიციელებისა თუ ჟანდარმების თანხლებით; თუ რაიმე ღირებული იყო, მათაც გაჰქონდათ ხევსურეთიდან... ასე ნადგურდებოდა ხევსურეთის რელიქვიები...
გ) რევოლუციის შემდეგ, როცა ხევსურეთმა მხარი დაუჭირა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, შემოვიდნენ საბჭოთა ხელისუფლების მოხელეები, რომლებმაც გააგრძელეს რუსების პოლიტიკა; დაიწყეს ხალხის დასმენა, ფშავლებისა და ხევსურების დაპირისპირება და ა.შ.

დ) საბჭოთა პერიოდშივე შემოვიდნენ მასწავლებლები, რომელთა არც თუ მცირე ნაწილი, კაგებეს აწვდიდა ინფორმაციას, თუ ვის ჰქონდა იარაღი, ვის არ მოსწონდა კომუნისტები...
ამ მიზეზთა გამო ხალხმა დაკარგა ნდობა ბარიდან ამოსულების მიმართ. ერთ ამბავს გავიხსენებ:
1937 წელს ხევსურეთში, ბარისახოში, ლიქოკში, ჩირდილში  მოვიდნენ ქალი და კაცი, ვითომ ამერიკელი გეოლოგები; მათ თქვეს, რომ ამერიკელები იყვნენ და ხალხს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა დაეხმარებოდა მათ კომუნისტების წინააღმდეგ... აღმოჩნდა, რომ ეს ვითომ გეოლოგი ყოფილა კაგებეშნიკი ქვლივიძე, რომელმაც დაასმინა ხევსურები და სასამართლოზეც დაუპირისპირდა, როგორც მოწმე.
დაპატიმრება კი ასე მზაკვრულად მოხდა:
დაიბარეს ხევსურები თბილისში, ვითომ ამ გეოლოგის მიერ შეპირებული იარაღის დარიგების საბაბით და ყველანი დააპატიმრეს; ერთი, ბერდია ფიცხელაური, გამოექცათ და ამბავი ამოიტანა... ერთი საინტერესო პასაჟიც: სასამართლოზე ხევსურებს ტროცკისტობა დააბრალეს; ხევსურებს უკითხავთ:
- რა არის ტროცკი, ეს მაინც გვითხარით! - ტროცკი რომ ადამიანის  გვარი იყო, ბრალდებულებმა არ იცოდნენ. 
შოთა არაბული გვიყვება: ჩემს სოფელში, ჩირდილში, ქვლივიძე რომ მოსულა, მიუღია ქაქუცას მეგობარს - ბაბუტა არაბულს; ბაბუტასთანაც დაუწყია მას კომუნისტების ლანძღვა; ბაბუტა  მიხვედრილა მის პროვოკატორობას და უთქვამს: "ჩემთვის შავი და თეთრი ძაღლი ერთია!.. იმ პერიოდში ჩემი  სოფლიდან არავინ დაუჭერიათ,  ლიკოქში კი მაგარი მეამბოხენი იყვნენ; იქ ბევრი დაიჭირეს... ბაბუტა მთელი ცხოვრება ჩუმად იყო; არავის ენდობოდა.
დაუმორჩილებელი ხევსურების გასანეიტრალებლად დაიგეგმა სოწრედ გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურთა გადასახლება შირაქსა და გამარჯვებაში.
ბარისადმი ნდობა ახლა ნელ-ნელა ბრუნდება, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაა: ბარს არ ახსოვს მთა, არჩევნების დროსაც კი, იმიტომ, რომ აქ ცოტა ამომრჩეველია.


3. ხევსურეთი და წმინდა გიორგი:
წმინდა გიორგის ეპითეტები ხევსურეთში - ეს თემა ლინგვისტიკასაც მოიცავს და თავს უფლება მივეცი, ამ მიმართულებით მემუშავა... ჩემი მეგობარი - შოთა არაბული ბევრ ინფორმაციას ფლობს:
შოთა არაბული: ქალბატონი ვერა ბარდაველიძე წიგნში: "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლებში" (1982) ასახელებს წმინდა გიორგის სახელობის შემდეგ სალოცავებს:
- გიორგი ნაღავრმშვენიერი (ნაღვრისპირისა) - ხახმატში (ხახმატის ჯვარი ანუ გიორგი ნაღვრის პირისა, რჯულიან-ურჯულოს სალოცავი),
- სომხოს წმინდა გიორგი (არდოტში),
- გიორგი ბეკენ-გორისა (შატილი),
- გიორგი ნაჴეშ-მაბურთალი (გუროში),
- გიორგი წყაროს-გორისა (ხახაბო)...
ამას გარდა ხახმატში კიდევ არის გიორგი ბოსლოვანისა; სოფელ ჩირდილში - წმინდა გიორგი სამკიბლისა (სამკიბლური), ქმოსტის თეთრი გიორგი მინდვრის ჯვარი, ბლოს წმინდა გიორგი ბერმუხას დაარსული (დაარსებული), როშკის წმინდა გიორგი და ოჴერჴევის წმინდა გიორგი... ესეც შეიძლება არ იყოს სრული ჩამონათვალი - ამბობს ჩვენი დიდებული მასპინძელი.
ვფიქრობ, "წმინდა გიორგი ხევსურეთში" შეიძლება სწორედ ის "გასაღები" იყოს, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ჩვენთვის ცნობილი ხევსურული "რწმენა-წარმოდგენები" /ანდრეზები მორიგე ღმერთის, ღვთისშვილების, ნახორცივლარი ღვათაებების... შესახებ/ ქრისტიანულ საფუძველზეა განვითარებული და არა - წარმართულზე...


ხევსურეთში წმინდა გიორგის თემის ანალიზი ვრცელი და გამოწვლილვითი მასალის ბაზაზე უნდა მოხდეს; ეს მომავლის საქმეა.
ექსპედიციის ჩემთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო "მოსაკითხით მისვლა" როშკელი მურთაზის ოჯახში - ხუხით ივანეს სახლში:
ჩემი ძველი ნაცნობი, 27 წლის მურთაზ წიკლაური  - ავარიაში დაღუპულა; მე ეს ცუდი ამბავი არ ვიცოდი; აქაური წესისამებრ, "მოსაკითხით" მივედით ოჯახში.
შენიშვნა: მოსაკითხით მისვლა ორგვარია; კარგ ამბავზე მისვლა და ცუდ ამბავზე მისვლაც; მერჩივნა მურთაზისთვის ახალუხალში /ქორწილში/ მივსულიყავი ან დიაცის მოყვანა /ცოლის შერთვა/ მიმელოცა... ბავშვი როცა შეეძინება, მისალოცად მისვლას ჰქვია "მოსანახავით მისვლა".


მამა სახლში არ იყო; დედამ და დებმა გვიმასპინძლეს:
- ღმერთმ კარგით გიკითხნასთ ჩვენის მაკითხვისად! - შემოგხვდა მასპინძელი. შემდეგ მან დადგა ტაბლა (სუფრა, რომელზეც დევს: არაყი/ღვინო/ლუდი, წყალი და საჭმელი).
წესისამებრ, მოსაკითხით მისულებმა ჩვენი სასმელი დავასხით და ჭიქა მივაწოდეთ დედას - ქალბატონ მარიამ ველთაურს (წიკლაურს), რომელმაც, ასევე წესისამებრ, დალოცა ტაბლა:
- დიდება ღმერთო, მადლი ღმერთო, კაციც შენ გეძახს, სულიც შენ გებარების, სადაც შენ ხარ, მურთაზ, შენ სამყოფოიას ეს ტაბლა, სასმელი და წყალი, როგორც ჩვენ წინ ას, შენიმცა საჴმარ იქნების, კარიმც მღეი გაქვ, ტაბლაიც მზაი გაქვ; შუქითა სინათლითა მაგივ, სხვათაზე მეტიმც გექნების, ნურაიმცა დაგაღონებს; შაგინდნას, ღმერთმა მაგახმარას... თქვენ ვინც მაგყვათ (იგულისხმება ჩვენი გარდაცვლილების სულები), იმათ საჴმარიც იქნების და მურთაზიმ გაუმასპინძლდების... თქვენ კარგა იყვენით - გვითხრა ბოლოს.
ყველანი წამოვდექით და ვთქვით მურთაზის შესანნდობარი:
- შაუნდნას, მაახმარას!..

წერილს ხევსურული ფრაზით დავამთავრებ:
ბევრ ჭირ-ვარამ გამაიარ ხევსურეთმ, ბევრა დაიკარგ, მაგრე (მაგრამ) დღესნამდე მავიდ... არ მინდ, რო ხევსურულ ტრადიციულ ყოფა და ის საცოდარ (ცოდნა), რომენიც მარტო ანდრეზებში დარჩ, დაიკარგას... არ მინდ, რომ გაიჴანცას ქართველი ერის გონი (გაჴანცვა - მეხსიერების დაკარგვა); ყველამ ჴელ უნდა შაუწყვას, რო დარჩას ჴევსურეთი, რომ ჴევსურეთჩი მეანდრეიზეც ბევრ იყვას, საანდრეზოიც... არ მაიშალას ჯვარ-ჯვარისკარი და ყმანიც გამრავლებულიყვნან.


ტარიელ ფუტკარაძე
ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი


Thursday, October 10, 2013

ხევსურეთი - საქართველოს ოლიმპო




2001 წელს ქუთაისელი სტუდენტები ხევსურეთში წავიყვანე...

ზეგ "ქართული უნივერსიტეტის" სტუდენტები მიმყავს ჩვენთვის რომანტიულ-მითიურ და ადგილობრივ ხევსურთათვის მძიმეყოფიან-მითიურ სამყაროში.

უცვლელად ვაქვეყნებ მაშინდელ (2001 წლის) შთაბეჭდილებებს:

ტარიელ ფუტკარაძე



ხევსურეთი  საქართველოს ოლიმპო

თითქოსდა, საქართველოს მთა დაბერდა, ხოლო ბარი  უორიენტაციოდ, ნასიცხარივით დაბორიალებს!
ტრადიციულად, კულტურული ველის მქონე ბარი მრავალი საუკუნის მანძილზე მთის ანკარა ნიჭიერებით საზრდოობდა, ომიანობა-ჟამიანობის დროს კი ბარში დაწმენდილ-დაფერილი ქართველური გონისა და განძის სავანეს წარმოადგენდა. კომუნისტობის შავბნელ პერიოდში მთის მოსახლეობას ვაჟკაცები ("ნარჩევი ხევსურები"!) მოტყუებით დაუხვრიტ-დაუმარცხეს, საქონელი წაართვეს, საუკუნოვანი მეურნეობა მოუშალეს და, რაც მთავარია, გაუზღაპრეს ნახორცივლარი ღვთაებები, შეურყიეს ჯვარისა და ხატის რწმენა; ბოლოს, მთიდანაც აყარეს: საქართველოს ბუნებრივი საზღვრებიც მოარღვიეს და შეუფერებელ ლანდშაფტზე დასახლებული მთიელების სულიერი დაშლაც დაიწყო...
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მოინდომა მთისთვის ფუნქციის დაბრუნება, მაგრამ აღარ დააცალეს; პუტჩმა საბოლოო განადგურებისკენ დააქანა საქართველოს მთიანეთიც... თუკი მთისადმი დამოკიდებულება ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელში საქართველოს მთიანეთი ვაჟკაცური სულისგან დაიშრიტება, შედეგად კი ბარიც საბოლოოდ გაუდაბნოვდება!
კონკრეტულ ფაქტებსა და ემოციებს ხევსურეთის მიხედვით წარმოვადგენთ.

1. დეფაქტო ხელისუფლება და სახელმწიფო უნივერსიტეტის

დიალექტოლოგიურფოლკლორულეთნოგრაფიული

ექსპედიციები

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს არასოდეს ჰქონიათ დიალექტოლოგიურფოლკლორული საველე პრაქტიკა აღმოსავლეთ საქართველოში; საერთოდაც, ბოლო პერიოდის ქართველები ძალიან ცუდად იცნობენ ერთმანეთს; ახალ თაობას მაინც უნდა შევუწყოთ ხელი, გამოასწოროს წინა თაობების ეს ნაკლი. საამისოდ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს; არადა, სახელმწიფო ხელისუფლება ხელში ჩაგდებული აქვთ ადამიანებს, რომლებიც შორს არიან გოგებაშვილისეული ცნობიერებისგან ("საგანძური" საქართველოს კუთხეების გაცნობადახასიათებაა!); გარდა ამისა, დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს ვერ გაუგია, რომ სახელმწიფო ხალხისაა, სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის გადასახადებით დგება, დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჩვენთვის განკუთვნილ სახსრებს  შემოსავლებსაცა და სესხებსაც  კერძო ჯიბეებში იდებენ (ამიტომაა ჩვენი ხელფასები ისეთი, საქართველო მსოფლიოს უღატაკეს ქვეყნად რომ ითვლება!); შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებს მწირი სახელმწიფო ბიუჯეტი აქვთ და არ შეუძლიათ დააფინანსონ საველე ექსპედიციები... არადა, ახალგაზრდობისთვის არა მხოლოდ პროფესიისთვის საჭირო ლამაზი სტუდენტური ზაფხული იკარგება, არამედ, საქართველოს კუთხეების შესწავლაგაცნობის პერსპექტივაც ქრება.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსავალი მაინც მოიძებნა:
პირველ წელიწადს საველე პრაქტიკის გავლის მსურველ სტუდენტებს აწსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა საცხოვრებელი ბინები შევთავაზეთ სვანეთში, სამეგრელოში, ქვემო იმერეთსა და ოკრიბაში. რექტორატი დაგვთანხმდა საველე ექსპედიციების დაწყებას ამგვარი ფორმით და შედეგზე პასუხისმგებლობაც ინსტიტუტის დირექციას დააკისრა. პირველი ექსპედიციის მოხალისე სტუდენტების აღფრთოვანებამ ლოგიკური შედეგი მოიტანა:
უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილების შესაბამისად, აგერ უკვე ხუთი წელია დიალექტოლოგიურფოლკლორულეთნოგრაფიული ექსპედიციები აწსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში იგეგმება; ბინის პრობლემაც უფრო იოლად გვარდება: ყოველ კუთხეში გამოჩნდებიან ხოლმე ლაჯანის სკოლა-ინტერნატის ხელმძღვანელთა დარი კეთილშობილი ქართველები, რომლებიც სტუდენტებს უფასოდ ათევინებენ ღამეს...

2. წარსული ლამაზი ფშავი, ქალსანთელი

და

"მშაველთა" კარგი მომავალი

მიმდინარე წელს ფშავში მინდოდა წამეყვანა სტუდენტები, ამიტომ მე და ჩემი მოადგილე მალხაზ დოგრაშვილი წინასწარ ჩავედით გიორგი და მზისო თურმანაულების ნალოლიავებ მაღაროსკარის სკოლა-ინტერნატში; შევხვდით დასავლეთ საქართველოსადმი კეთილგანწყობილ პედაგოგიურ კოლექტივს, მაგრამ სკოლის დირექტორმა ერთ სტუდენტზე ერთ ღამეში ორი ლარი მოითხოვა: ბაჩანას იუბილე გვაქვს შემოდგომაზეო... სამასწავლებლოში შევარდნაძის სურათი ეკიდა: იუბილის ფული ამას უნდა თხოვო და არა სტუდენტებს-მეთქი, ვემწარე...
მაშინ კი გამაოგნა ივანე ქართველიშვილმა, მაგრამ ახლა მადლობას ვუხდი, ვინაიდან, ის, ჩვენ რომ დაგვთანხმებოდა, ან ქუთაისის უნივერსიტეტის ექსპედიციისადმი კეთილად განწყობილ დუშეთის განათლების განყოფილების გამგეს - - თინა ბანცურს, ჩვენი 51-კაციანი ექსპედიცია ასე ახლოს და ასე ლამაზად ვერ გაიცნობდა ხევსურებსა და ხევსურეთს.
ერთხელ, ექსპედიციის შუა პერიოდში, ხევსურეთიდან მარტო მოვდიოდი და შუაფხოსთან გზად უცნობი დავიმგზავრე; ჭარმაგი კაცი ცნობილი ფშაველი, კარგი ქართველი კაცი ილია ფხოველი აღმოჩნდა; ის ილო ფხოველი, ანა კალანდაძემ ბევრი კარგი ლექსი რომ უძღვნა... ჟინვალთან მანქანიდან რომ ჩამოდიოდა, მითხრა:
- სხვა ხალხი იყო; ჩემს თვალწინ ჩამოილივნენ ღმერთივით დიდებული და დარბაისელი ფშაველები...
მე მაშინვე გავიფიქრე:
- არა, არ ჩამოლეულან! ახლა არის ილო ფხოველი, მერე სხვა რაზიკაშვილფშაველები და ფხოველები აღიზრდებიან!
ფშავის თემა ჩემში კიდევ ერთხელ გამძაფრდა ექსპედიციის ბოლოს ჩარგალში ჩავლისას: სახლმუზეუმის დირექტორი დიდი პოეტის მემკვიდრემოგვარეა, ფიზიკურადაც ძალიან ჰგავს; მისი შვილი ვაჟას სეხნიაცაა, მაგრამ ჯერჯერობით ლექსებს არ წერს...
დირექტორმა დაგვამადლა:
დღეს ორშაბათია, არ ვმუშაობთ, მაგრამ ვინაიდან ასე შორიდან ჩამოხვედით, გავხსნი, ოღონდ თითო კაცზე 50 თეთრი გადაიხადეთ ზუსტად, ხალხი არ დამათვლევინოთო...
მხოლოდ 30 ლარიღა გვქონდა, ამიტომაც მე, მალხაზი და კიდევ 9 კაცი მუზეუმში აღარ შევსულვართ...

ფშავის ბოლო სურათი:
მაღაროსკარში მზისო თურმანაულს გავუარე დასამშვიდობებლად; ეკლესიაშიაო  დედამისმა. ტაძარი გამოკეტილს ჰგავდა, ვიფიქრე, ავცდი-მეთქი; მაინც შევედი: ფუძე-ხატისა და თითქმის ჩამწვარი სამი სანთლის წინ ქალ-სანთელი ლოცვანს კითხულობდა... ტაძრის ეზოში მითხრა:
- "ფშავის აღორძინებას დიდი თავგანწირვა სჭირდება; ადრე მე ამდენი არ შემეძლო"...

3. ბათირა არაბული

კარგი წიგნი გამოსცა შოთა არაბულმა "ნარჩევი ხევსურები"; გარეკანზე ჯაჭვ-ჯავშან-თოფ-ხანჯალ-ფარიანი ორი ხევსურის ამაყად მზირალი ფოტოა. ჩემთვის ისინი მითებში დაბადებულ-აღზრდილი ის ვაჟკაცები არიან, ინტუიტიურად რომ მიჰყვებოდნენ ბედისწერას თუ ხოგაის მინდისა და სინდაურისძის გაზღაპრებულ გზაცისარტყელას...
ახლა:
ხევსურეთი დაიცალაო; მხოლოდ ასაკოვანი ხალხი თუღა ინარჩუნებს სოფელთა სახელებსო; აღარ არიანო ქადაგის მიერ დასახელებული ხუცესნი; ბოლო ქადაგიც 30 წლის წინ გარდაიცვალაო; სალოცავებს ხალხი აღარ მოსდისო...
არა, არც მთლად ასეა საქმე:
არ დაბერებულა მთა!
მცირერიცხოვნად, მაგრამ ისევ არიან ვაჟკაცები, ისეთებიც, ინტუიტიურად რომ მიჰყვებიან მითიურ წინაპართა გზაცისარტყელას; რაც მთავარია, არიან ხევსურები, რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული ხევსურთა წარსულიც (ღვთაებებიც, მითებიც და გმირებიც) და აწმყოშიც აქვთ კაი ყმის ძნელად შესანარჩუნებელ-სატარებელი სახელი. მათ დიდად აწუხებთ ხევსურეთის და, საერთოდ, სრულიად საქართველოს მომავალი...
ნეტა, ყველამ შეიძლოს, მოუსმინოს ბათირა არაბულს  ნარჩევ თანამედროვე ხევსურს  დახვეწილ და განათლებულ ქართველ ინტელიგენტსა (აჯობებდა მეთქვა  მწიგნობარი!) და მშობლიური კუთხის ღირსეულ წარმომადგენელს.
სასაქართველოო ტელევიზია რომ გვქონოდა, სწორედ - ბათირას და მის მსგავს ქართველთ დაეთმობოდა ეთერი და არა ამა თუ იმ პარტიის ჩოჩორზე შემომჯდარ კარიერისტთ... არადა, სტალინბერიას დროს მსგავსად, ახლაც, მითებით შემოსილი ჩვენი მთაც მძიმედ დასნებოვნებულა მესკამურობის სენით (რაც არჩევნებისას აზენიტდება თურმე), ნაკლები ასპარეზი აქვს გულმართალ ხევსურებს...
თავად ბათირა არაბულს მოვუსმინოთ:
- "ხევსურეთში არ იყვნენ მდიდრები და ღარიბები; ყველა თანასწორი იყო... 1952-56 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს დიდი დარტყმა მიაყენა: მოსახლეობა იძულებით აჰყარა და უნაყოფო და უვარგის ტერიტორიებზე დაასახლა... ადრე მეფეები შეღავათებს უწესებდნენ ხევსურებს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა თავის შენახვა ამ მძიმე პირობებში; ახლა მიწის ყოველ მტკაველზე გადასახადი გვაქვს შეწერილი, მას ემატება დენის და სხვა გადასახადები და ამ უპენსიობა-უხელფასობაში ისედაც აქაიქ შემორჩენილი ხალხი იძულებული ხდება მიატოვოს წინაპართა სალოცავი თუ საძვალე და ლუკმაპურის საშოვნელად გადაიხვეწოს... თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს საზღვარი წუბროვალამდე გადმოინაცვლებს: 1000 მესაზღვრეჯარისკაცს 100 ადგილობრივი მოსახლე სჯობს მიწის დაცვის თვალსაზრისით... აფხაზეთის ომში 21 ხევსური ვაჟკაცი დაიღუპა: მცირერიცხოვანი ხევსურეთისთვის პროცენტულად ეს დიდი ციფრია"...
ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დირექტორი -ნი ბათირა არაბული ჩვენი მეგზური იყო ათენგენობის დღესასწაულზე; ჩვენი ექსპედიციაც მისი რჩევების მიხედვით დაიგეგმა პირაქეთა ხევსურეთში, და, ბოლოს, მისი წინამძღოლობითვე ფეხით დავლაშქრეთ აბუდელაურის ტბის თოვლიანი მიდამოები 28 ივლისს...
ბათირამ მითხრა:
მე პოეტი არა ვარ, მაგრამ ერთი ლექსი დიდმა ტკივილმა დამაწერინაო...
ბევრი ცნობილი პოეტის ლექსს სჯობია ბათირას ტკივილის ნაშობი (იმედია, თავად დაბეჭდავს ამ ლექსს); უფრო ბევრს კი სიმართლით ამარცხებს თანამედროვე ძეგლი ამაყი ხევსურეთისა  "რიჟა" ბათირა!

4. არხოტიონი და ზვიად გამსახურდიას კაშხალი

ერთი არხოტელი ახალგაზრდა გავიცანი, წიკლაური; სულ ნახევარი საათი ვისაუბრეთ  არხოტში მიდიოდა ფეხით; კარგად ერკვეოდა აწმყოსეულ დინებებშიც...
- ხევსურეთში გამსახურდია უყვართ; ყურადღებას გვაქცევდა, ბატონ ზვიადს ერეკლესავით უყვარდა ხევსურეთიო... მან მოკლე დროში ჰიდროელექტროსადგური აგვიგოო...
ხევსურეთში ერეკლე მეორე გუდანის ჯვარის მოძმედ ითვლება; ნახორცივლარ ღვთაებას უტოლდება გუდანის ჯვარის მოძმე...
- რად არ მაიყვან ქალსა? - ვუთხარი წიკლაურს;
- აქ გასათხოვარი ქალები არ არიან და ბარიდან ვინ გამამყვება ამ მთაში; ან ვინმე რად გავაუბედურო? ადრე, ძველ ხევსურეთში კარგი, თვითნასწავლი ექიმები იყვნენ, თავის ქალის ოპერაციასაც კი აკეთებდნენ; ახლა აღარავინაა, არც ადგილობრივი აქიმი და არც მოსული ექიმი; ცოლი ავად რომ გამიხდეს, რა ვქნა? - სევდიანეშმაკურად ჩაიღიმა სინდაურიძის კვალზე მავალმა არწივთვალიანმა და მგლისმუხლა ხევსურმა.
- უჭირს საზღვრის დაცვა ჯარს; ხევსურთა სოფლები ძველებურად ფეხზე რომ იდგეს, საქართველოს ჩრდილოეთიდან პრობლემები აღარ ექნება...  სევდა გაუმუქდა ახალგაზრდა ხევსურს.



5. შერიგების სუფრა და ტობიასი

ირაკლი არაბულის ოჯახში შერიგების სუფრაზე დამპატიჟეს: ირაკლის ქალიშვილი თითქმის ბარულად მოუტაციათ-გაპარულა... ბათირა იყო თამადა. ბარიდან ამოტანილ ღვინოს ხევსურული ლუდი ვირჩიე. საოცრად ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა, მაგრამ ურთიერთკეთილგანწყობილი... აქ გავიცანი კიდევ ერთი საინტერესო და განათლებული პიროვნება გიორგი ლიქოკელი  ამჟამად ბარისახოს მასწავლებელი და კორშას მკვიდრი.
თამადის თავდაჭერილობის მიუხედავად სუფრა მალე აღრეობდა; აქტიურობდა სამი თავგადახოტრილი ბიჭი (გული დამწყდებოდა, თუკი ისინი ხევსურები აღმოჩნდებოდნენ...), რომლებიც ღვინოს აძალებდნენ ჩუმად მყოფ და უხმაუროდ მსმელ ქერა ახალგაზრდას. გერმანელიაო, მითხრეს.
ტობიასი საკმაოდ ამტანი ჩანდა; ჩემი ორიოდე ღერი ინგლისურით გამოველაპარაკე. ეტყობოდა ჩვენით დაინტერესება...
მაშინაც ვიფიქრე და ახლაც ვფიქრობ:
ერთმა კაცმა დოში - ზუთხის ლორად გამოყვანილი ნაწილი - დაკარგა; მეგობარს უთხრა, დაკარგვას კი არ ვდარდობ, ვინმე ლოთი იპოვის და "სილიოტკის" გემოვნებით შეჭამსო...
არაიშვიათად, საქართველოს სტუმრები ქართველთა საუცხოო(!) მასპინძლობას  გადაჭარბებულ მემუცლეობად, დიდ ქართველურ ტრადიციებს კი ჩამორჩენილობად თვლიან მესილიოტკე ლოთივით...
არადა, ნამდვილად არაქართველურად აძალებდნენ ღვინოს თავგადახოტრილი თბილისელი სტუმრები გერმანელ ტობიასს, რომელიც ხევსურეთში იტანდა დაძალებას...
 ხევსურული ცეკვა-სიმღერის გარდა, ლამაზად დამამახსოვრდა დიასახლისის საქციელი:
ირაკლის მეუღლემ რამდენიმე წყნარად მჯდომ თუ საპატიო სტუმარს ჩამოუარა თავისი ჭიქით ხელში... ჩემი ჭიქა ლუდით შეავსებინა და მითხრა: ხომ არ მოიწყინეთ, სტუმარო ძმაო?


6. ათინგენობა

ათინგენობა და ახალწლობა ხევსურეთში დიდი დღესასწაულებია; შემდეგ მოდის: შობა, მარიამობა, გიორგობა და ..
ათინგენობა ერთ კვირას გრძელდებოდა; რიტუალების შემდეგ იმართებოდა ქეიფი, დოღი, სხვადასხვა თამაშობანი...
ხევსურეთში ათინგენობა 21 ივლისს დაიწყო; ბათირა არაბულმა მიგვიწვია ბაცალიგოში, სადაც ის დასტური იყო. იმ დღეს გუდანის ორივე სალოცავსაც მოვუყარეთ მუხლი.
საქართველოს ეკლესიის კალენდრის მიხედვით ახალი სტილით 29 ივლისს არის მღვდელმოწამე ათინოგენე ეპისკოპოსისა (დაახლოებით 311 .) და ათთა მისთა მოწაფეთა ხსენების დღე; ამავე დღესაა ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება.
ძნელი სათქმელია, განსაკუთრებულმა გარემოებამ  გამოცხადებამ  აქცია ხევსურებში ათინგენობა უდიდეს დღესასწაულად თუ ამ ერთ-ერთი უძველესი წმინდანის ხსენების დღე რომელიმე წარმართული ღვთაების სახელს გადაეფარა...
ათინგენობის დროს ისევ ხმიანდება ხევსურეთი; ხუცები ისევ თანამიმდევრობითა და რიხით ამბობენ მორიგესა და ღვთისშვილთა სადიდებლებსა (პირისქარს) და კურთხევანს... ისევ ხარშავენ ლუდს, რომელსაც ზოგჯერ უკვე ღვინოც ენაცვლება... ისევ იკვლება კურატები და ყოჩები... ხევსურები ისევ ჯგუფჯგუფად მოდიან ხატთან: ხალხის წინ მიუსალმებლად გაივლიან და ჯერ ჯვართან მოიყრიან მუხლს; მხოლოდ შემდეგ მიესალმებიან რიგად მდგარ და "გწყალობდეთ" სიტყვის მომლოდინე დამხვდურთ...
ყველა ნამდვილი ხევსური საოცრად მორწმუნეა; ათეიზმით რწმენა-გონება შერყეული ახალგაზრდობა აქ თითქმის არ შეგვხვედრია; ხევსურები ღვთიურ-კოსმიური სამყაროს თავისთავადი, იმანენტური წევრები არიან. მორწმუნე ხალხი, გამითებულ-გახალხურებული ქრისტიანული ლოცვები, ანდრეზულ-ზღაპრული ცნობიერი ველი და არაკულ-გოლიათური ბუნება ერთ მთლიან სამყაროს ქმნის, სამყაროს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ საქართველოს ოლიმპო...
მორიგე ღმერთი (შდრ. სვანური: "ხოშა ღერბეთი"), ღვთაებები, ნახორცივლარი (ადამიანად ნამყოფი) ღვთაებები, გმირები და ჩვეულებრივი მოკვდავნი ხევსურთა ცნობიერებაში დღესაც ისეთ მთლიან და ცოცხალ ჯაჭვს ქმნიან, ადამიანს ზუსტად რომ განუსაზღვრავს ამქვეყნად ყოფნის აზრსა და დანიშნულებას, ადამიანს რომ იხსნის ამბიციის მკრეხელობისაგან თუ სხვა ხორციელი ცოდვისგან...


7. ტარიელის ტირილი

ჩვენი ექსპედიცია ბარისახოს სკოლა-ინტერნატში იყო დაბანაკებული. დენი იყო, მაგრამ სამზარეულოში არ ირთვებოდა. ბატონმა ბათირამ "ელექტრიკი" მოიყვანა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სოფლელი მოხელე. პრობლემა მალევე მოგვარდა და ჩვენ სუფრასთან მივიპატიჟეთ ღვთისო ჭინჭარაული, თითქოსდა არაფრით გამორჩეული ხევსური. ბათირამ უდროოდ დაღუპულთა სადღეგრძელო რომ შესვა, მხოლოდ მაშინ მივხვდი ღვთისო ჭინჭარაულის არაჩვეულებრივობას: ის უდიდეს ტკივილს ატარებს, მაგრამ "სხვის" თვალში "ჩვეულებრივი მოკვდავია":
ღვთისოს ვაჟი აფხაზეთის ომში მოკლეს; ეს ამბავი დედამ რომ გაიგო, ავტომატის ორი ტყვია დაიხალა და შვილს დაეწია...
ღვთისომ ქალიშვილი უპატრონოდ ვეღარ დატოვა და სათიბში თუ სადენებთან ტკივილიანი სიმძიმით დადის...
ბაცალიგოს პირქუშის ჯვარში (პირქუში ცეცხლის ალიანი) ერთი კაცი სასმელს ცრემლიანი ხმით გვთავაზობდა. ტარიელ არაბულის ძმიშვილი ავარიაში დაიღუპა; დედამ თავი ჩამოიხრჩო; ტარიელს შესაწირავი ჰქონდა ამოტანილი... ტარიელის ვაჟკაცობა დიდი თემაა, მაგრამ მე სხვა მიმართულებით მიმყავს აზრთა დინება:
დედაშვილობის ასეთი მძაფრი განცდა და ხევსურ ვაჟკაცთა ცნობილი უმოწყალო თავგანწირვა საკერძოო სიყვარულისა და საზოგადო მოვალეობის ტრაგიკული ერთიანობის საოცარ ნიმუშს ქმნის...

8. აბუდელაური და სტუდენტური ზღაპარი

ბარისახო, კორშა, აკუშო, აჭე, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, მოწმაო, უკანახო, ჩირდილი, მობულო, ჭალისოფელი, გუდანი, ჭიე... 1987 წელთან შედარებით ხევსურეთის ამ სოფლებშიც თითქმის განახევრდა მოსახლეობა... სტუდენტებიც ხშირად სევდიანდებოდნენ ჩაჩუმებული სახევსურო ხეობების ხილვისას, რესპონდენტთა ტკივილის მოსმენისას...
სტუდენტურმა ექსპედიციამ კარგად იმუშავა...
სტუდენტებმა აღტაცებაც ბევრჯერ განიცადეს...
აღტაცება-აღმაფრენას მასპინძელ ხევსურთა თავდაჭერილი სიალალეც იწვევდა, სტუდენტური საღამოღამეებიც, დიდ და პატარა არაგვებში ბანაობაც, საფრენბურთო ჩემპიონატ-ვნებანიც, მაგრამ მთავარ სააღტაცებო სტიმულს გრილჰაეროვანი ფერდობები, კეთილდევგორებიანი მთები და თოვლისძირიანი ჭიუხები უქმნიდა, ადგილები, სადაც ქართველ ღვთაებათა და ლეგენდარულ ხევსურთა უკვდავი სულიერება მიმოიქცეოდა...

მთავარი მაინც როშკა-აბუდელაური იყო!
ექსპედიციის დასაწყისშივე სტუდენტები რვა ჯგუფად დავყავი; მათ თავიდანვე მოვუყევი როშკის, აბუდელაურის ტბისა (იახსარისა და დევის) და ჭიუხების შესახებ. წინასწარვე ვთქვი, რომ 28 ივლისს როშკაში წავიდოდნენ ის ჯგუფები, რომლებიც მათთვის განკუთვნილი ტექსტების ჩაწერას დაამთავრებდნენ; კიდევ იყო ორი პირობა:
- შორ გზაზე ფეხით სიარულის შეძლება;
- ექსპედიციის შინაგანაწესის დაცვა.
...როშკა თითქოსდა ბოძოლის ველზეა გაშენებული, ველზე, სადაც ღვთისშვილებისა და დევების ბრძოლის ნიშნები  უზარმაზარი, "ერთმანეთისთვის ნასროლი" ლოდები ახლა უხმაუროდ დევს.
საცალფეხო გზით როშკას სასაფლაოსთან რომ ახვალთ, მარცხნივ, ჯერ რძის მდინარე გამოჩნდება, შემდეგ ეულად მდგარი ბაზილიკა და მარჯვნივ, თავად სოფელი როშკა - ხევსურეთის დედოფალი.
...როშკას ზემოთ ქვაჯვარიც შეგხვდებათ, წყაროებად დასერილი გორებიც, ყვავილთა ველებიც და, რაც უფრო საინტერესოა, ყვავილთა ყვითელი მდინარეც(!)...
ბოლოს, საოცარი ფერების (ზურმუხტისფერი, ფირუზისფერი, შაბიამნისფერი) ტბები, სინდაურიძის მწვერვალი, ჭიუხების ძირას დატყვევებული თოვლი (არ მიყვარს დატყვევებული თოვლის ყურება!) და თუ გაგიმართლათ, იქაურობა შეიძლება აახმიანოს ლურჯი ტბის შუაგულში დიდ ქვაზე ჩამომჯდარი როშკელი მურთაზის მითურხმიანმა მთიურმა სიმღერებმაც...
ჩვენ გაგვიმართლა!
შეუძლებელია იქ ნანახის გადმოცემა, საერთოდ, უმჯობესია, ყველამ შეიძლოს საქართველოს ყველა კუთხის ნახვა, საკუთარი ქვეყნისა და მოდგმის სიდიადე ძალუმად რომ აღიქვას...


9. მთები არ დაბერდებიან!

ამ წერილის წერისას მამაჩემის ერთი ლექსის ერთი ფრაზა ამეკვიატა:
"სანამ არწივი არწივობს, მთები არ დაბერდებიან!"
...დღეს მოდუნებულია ხალხი; ეშინია უკმაყოფილების პირდაპირ გამოხატვა; რაღაცას თუ ვიღაცას ელიან...
ჩვენ ვერავინ გაგვაარწივებს! არწივობა გენით მოგვდგამს და ეს უნდა გავაცნობიეროთ; ჩვენშივეა მხსნელი!
გამოუვალი სიტუაცია არსებობს მისთვის, ვინც გამოსავალს ვერ ხედავს...
ბუნებაში ჩიხი არ არსებობს!

მინაწერი:
ექსპედიციის წინა დღეებში პანკისში სიტუაცია დაიძაბა, ერთ-ერთ ლექტორს ეშინოდა, რამე არ მოხდესო, ნუ წახვალთ ხევსურეთშიო... მას და რამდენიმე შეშინებულ სტუდენტს ვუთხარი:
პანკისი აღმოსავლეთშია, ხევსურეთი - ჩრდილოეთში; გარდა ამისა, ნახეთ ხევსურეთი, რომ ირწმუნოთ საკუთარი ძალა, ნუ გგონიათ, რომ ხევსურეთის ნახვის თავიც არა გაქვთ...
აბუდელაურის ტბასთან ბედნიერი ვიყავი იმიტომაც, რომ ქუთაისში შეჭოჭმანებულ-შეშინებული სტუდენტები მწვერვალებისკენ პირველნი მიილტვოდნენ...

ტარიელ ფუტკარაძე

გაზეთი "ქართული",
2001 . # 7-8