Thursday, November 10, 2016

უსუფ მარგოშვილის ორიენტირები და დღევანდელობა.

10.11.2016. დუისი.

ქ-ნმა ბელა შავხელიშვილმა საინტერესო კრებული გამოსცა ასეთი სათაურით: "რასაც დასთეს..." კრებული მიეძღვნა უსუფ მარგოშვილის დაბადებიდან 120 წლისთავს, კაცს, რომელმაც დააფუძნა პირველი ქართული საშუალო სკოლა პანკისის ხეობაში.
 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრისა და პროფესორების: ბელა შავხელიშვილისა და მანანა ტაბიძის ორგანიზატორობით 2016 წლის 10 ნოემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარდა უსუფ მარგოშვილისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნის პრეზენტაცია. ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეული ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი მერაბ ნაჭყებია, ირანელი და თურქეთელი ქართველების გამორჩეული წარმომადგენლები.

თეზისების სახით ჩემი რამდენმე მოსაზრება:

1. ქისტებმა კარგად იციან, რომ როგორც ქართველი ერის  (ზოგადად, საქართველოს), ასევე, სხვა კავკასიელების (მათ შორის, ქისტების) ისტორიული საცხოვრისის სრული კონტროლი სურს რუსეთს; ამისთვის უკვე 200 წელია იბრძვის და  თავისი მიზნების გასახორციელებლად ცდილობს, დაიპყროს კავკასია სისხლით, მოსახლეობის გადაბირებით, ეკონომიკური მარწუხებით და სხვ. რუსეთმა შეძლო საქართველოს წინააღმდეგ ზოგი კავკასიელის გამოყენებაც, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვერ შეძლო ვერც ერთი ქისტის გადაბირება!

2. რუსების სიძულვილის გამო შამილი ცდილობდა, გაემუსლიმანებინა ვაინახები; ქისტების ერთი ნაწილი გაერიდა შამილს და ჩოლოყაშვილების მხარდაჭერით საქართველოში დასახლდა. ქართველთა ფიქრით, სასაზღვრო ზოლში ქისტების დასახლება ლეკიანობისაგან დაიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს... ჯოყოლოში ეკლესიაც კი აშენდა მაშინ  (შამილს გამორიდებულ ჯოყოლას სოფელში). მოგვიანებით შამილის შვილმა ჯოყოლა მოკლა, ხოლო საქართველოში გადმოსახლებული ქისტები გამუსლიმანდნენ; მიუხედავად ამისა, პანკისელი ქისტები ქართველი ერის მხარდამხარ იბრძოდნენ და დღემდე არ უღალატიათ. ოსთა თუ აფხაზთა ერთი ნაწილისაგან განსხვავებით, ქისტებს არც ბოლო პერიოდში შეშლიათ რაიმე არსებითი (ცალკეულ ინდივიდებს თბილისშიც ეშლებათ!)..  ქართველებისა და ქისტებისათვის დღემდე არსებითი იყო ის, რაც გვაერთიანებდა - კავკასიელობა, საქართველოს მოქალაქეობა, მსგავსი ენები და ხასიათები... და არა ის, რაც გვაშორებდა; მით უმეტეს,  ყოველთვის შორის ვიყავით რელიგიური ფანატიზმისაგან.

3. დღეს ჩრდილოკავკასიელთა მეობას რამდენიმე წახნაგი განსაზღვრავს: ეთნიკური მეობა და დედაენა (კავკასიელობა!), რელიგია, კავკასიის დაპყრობის მოსურნე ძალთა მიერ გადახდილი ფული... ქართველებიც, ქისტებიც, ლეკებიც, აფხაზებიც, ოსებიც... გადავრჩებით, თუკი სხვის ომებში არ დავიხოცებით და ჩვენს ენობრივ-ეთნიკურ მეობას დავიცავთ ერთმანეთის თანადგომით.

4. ვფიქრობ, ქისტების ორიენტირი უნდა იყოს უსუფ მარგოშვილი - დიდებული ქისტი და საქართველოს დიდებული მოქალაქე (დღეს სიმბოლური იყო ისიც, რომ ჩვენთან ერთად სოფელ დუისში იყვნენ: საიდ მულიანი, მარიამ იოსელიანი და ნერიმან ალბაირაქი - ირანისა და თურქეთის ერთგული მოქალაქეები, რომლებიც სისხლხორცელულად  განიცდიან და ინარჩუნებენ თავიანთ ქართველობას). 

5. კავკასიელთა  დიდი ნაწილი სწორი ორიენტირებით აზროვნებს და ცხოვრობს; საილუსტრაციოდ დავიმოწმებ -ნი მექა ხანგოშვილის მიერ მოყვანილ  ერთ ფაქტსარც ერთი ჩეჩენი არ მიდიოდა იმ ჩეჩენი "ბოევიკისგასვენებაში, რომლიც დაიღუპა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას.

6. დუისის შეხვედრაზე  წამოვაყენეთ წინადადება, დავაარსოთ უსუფ მარგოშვილის სახელობის ქართულ-ქისტური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქისტი ახალგაზრდების სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში; ასევე, ცენტრის მიზანი იქნება იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხებისათვის დამახასიათებელი ენობრივ-კულტურული წახნაგების წინა პლანზე წამოწევა და საქართველოს ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების აღორძინება. ამ მიზნების აღსრულების მიმართულებით სერიუზული გეგმები დასახეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს:  ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ, პროფესორებმა: მანანა ტაბიძემ, თეიმურაზ გვანცელაძემ, გიორგი ხორბალაძემ... ჩემი მოსაზრებები წარვადგინე მეც.

შენიშვნა: სამწუხაროდ, დღესაც ხშირია მცდელობა, უკანა პლანზე გადავიდეს ის, რაც საქართველოს მოსახლეობას, ზოგადად, კავკასიელებს გვაერთიანებს და გააქტიურდეს ის, რაც მცირედით განგვასხვავებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთ; დღენიადაგ ესწრაფვიან, ენობრივ-ეთნიკურ-რელიგიურად დანაწევრდეს ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა... ასეთ მცდელობებს მოკლედ ვუპასუხებ: ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ჰყოფს.

7. შთამომავლობას სწორი ორიენტირებით თუ აღზრდი, ჩვენი შვილები მაინც აღარ დაიღუპებიან სხვის ომში!