Tuesday, April 29, 2014

მესხეთის უნივერსიტეტი



ვულოცავ მთელ საქართველოს!

ძალიან გამახარა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილს დადგენილებამ (#272) სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტისთვის სამსაფეხურიანი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ეს არის ძალიან საამაყო ამბავი არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის, არამედ მთელი საქარველოსათვის და სასიხარულო - საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისა თუ საქართველოსადმი კეთილგანწყობილი მეზობლებისთვის.
საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის დიდი გამარჯვება პროფესორ მერაბ ბერიძისა, რომელმაც ჯერ კიდევ 1990 წელს ახალციხეში დააფუძნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი.
ახალციხეში სამსაფეხურიანი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება პირადად მე ორმაგად მიხარია: მიხარია, როგორც ქართველს, ასევე, როგორც იმ პიროვნებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო იმათგან, ვინც 25 წლის წინ მერაბ ბერიძესთან ერთად დააფუძნა პირველი უმაღლესი სასწავლებელი სამხრეთ საქართველოში. 1990 წელს თბილისიდან სულ ოთხნი წამოვედით: მერაბი, მე, სერგო მელიქიძე და კონტანტინე კაკიტაძე. სამწუხაროდ, სერგო და კოტე ამ დღეს ვერ მოესწრნენ; ნათელში იყოს მათი სული...
     ჩემთვის მშობლიურია ახალციხის უნივერსიტეტი: მე ამ უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პირველი გამგე ვიყავი; როგორც საკუთარი შვილის ავსა და კარგს განიცდის ადამიანი, ისე განვიცდიდი მე მესხეთის უნივერსიტეტის წინსვლასა თუ მარცხს, ამ უნივერისტეტის ამგდარი პიროვნებების ღირსეულად დაფასებას თუ მათ რეპრესიებს... უფრო კონკრეტულად ვიტყვი:
ახალციხის უნივერსიტეტის მთავარი მარცხი იყო ის, რომ მის დამაარსებელთ ძალიან ცუდად მოექცნენ _ მერაბ ბერიძესაც და, სხვათა შორის, რაღაც პერიოდში _ მეც. ახლა ეს ყველაფერი, უფლის ნებით, წარსულია; ახლა ახალი ეტაპი იწყება: სამსაფეხურიანი უნივერსიტეტი ახალი წარმატებების საფუძველი გახდება: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებით და ახალციხის უნივერსიტეტის უკვე გამოწრთობილი პროფესორ-მასწავლებლების ღვაწლით მომავალში კიდევ უფრო წარმატებული ნაბიჯები გადაიდგმება, ნაბიჯები, რომლებიც დიდ საერთაშორისო აღიარებას მოუტანს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
 სწორედ საერთაშორისო აღიარებაა ახლა აუცილებელი, რომ ახალციხეში დაფუძნებულმა უნივერსიტეტმა წონიანი სიტყვა თქვას თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე საინფორმაციო ომების პროცესში; სამწუხაროდ, ამჯამად საქართველო აგებს საინფორმაციო ომს, რამდენადაც, საბჭოთა პერიოდში და უფრო ადრეც, რუსეთის იმპერიის პერიოდში სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ცენტრებში მეცნიერებისა და განათლების დაგეგმვა არ ხდებოდა საქართველოს ინტერესების შესაბამისად; დღეს უკვე შექმნილია საამისო პირობები, მაგრამ აქ ნათქვამ სიტყვას ნაკლებად შეუძლია დააბალანსოს საუკუნის მანძილზე შექმნილი ანტიქართული იდეოლოგემები. აუცილებელია ჩვენმა პროფესურამ მეცნიერული სიღრმითა და კვლევების ინტერნაციონალიზაციით (ქართველებს ობიექტურობა არ გვაკლია!) დროულად მოიპოვოს საერაშორისო ავტორიტეტი, რომ აქტიურად შეუწყოს ხელი თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო.
მომავალ მსოფლიოში უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება საინფორმაციო თავდაცვის ორგანიზებას. საინფორმაციო თავდაცვის ორგანიზებაში კი არსებითია აკადემიური აზრი, რომელიც ობიექტურად წარმოაჩენს ჩვენი ერის, ჩვენი დედაენის, ჩვენი სახელმწიფოსა და აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ისტორიას, ასევე, შექმნის საფუძვლებს, დაცული იყოს ყველას უფლებები და ინტერესები.
ისტორიული ბედუკუღმართობის გამო საქართველოს ეს უძველესი კუთხე - სამცხე-ჯავახეთი - დღეს ძალიან პრობლემური მხარეა; შესაბამისად, საინფორმაციო თავდაცვის ორგანიზების კუთხით ტოლს ვერავინ დაუდებს ახალციხის უნივერსიტეტის კადრებს: პროფესორ-მასწავლებლებსა თუ სტუდენტებს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამიერიდან ახალციხელები უფრო მეტს გააკეთებენ მეცნიერებისა და განათლებისათვის, ზოგადად, იმ აკადემიური ბაზის მომზადებაში, რომელიც წყაროს წყალივით ესაჭიროება თანამედროვე საქართველოს.
სიმართლე გითხრათ, მე უფრო მომწონს სახელი: მესხეთის უნივერსიტეტი.
მესხეთის უნივერსიტეტი ჩემთვის ტევადი ცნებაა იმიტომაც, რომ ისტორიული მესხეთი მოიცავს: აჭარასაც, ტაოსაც, მაჭახელსაც, შავთეშ-იმერხევსაც, ლივანასაც, ლაზეთის ნაწილსაც. მესხეთის უნივერსიტეტმა უნდა შეძლოს მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეების: ეთნიკური ქართველების, ეთნიკური თურქების, ეთნიკური სომხების მოზიდვა; ასეთ შემთხევაში შეიქმნება ფრიად სასარგებლო სამეცნიერო-საგანმ,ანათლებლო ზიარჭურჭელი, რომელიც ქართული ალალი სტუმარ-მასპინძლობისა და სიყვარულის ველში ნამდვილად მეგრობრულ არეალს შექმნის გარეშე ძალების მიერ დაგეგმილი კონფლიქტების საკომპენსაციოდ.
თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბევრად დალაგდება, თუკი ფართო საზოგადოებებს უკეთ ეცოდინებათ ერთმანეთი; ამას ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტემა; სამწუხაროდ, არაიშვიათად, საარჩევნო ბატალიების გამო პოლიტიკოსები აგრესიულ იმპულსებს ავითარებენ; მეცნიერებს შორის გაცილებით მეტი კომუნიკაცია და ურთიერთგაგებაა; შესაბამისად, საზღვრისპირა მხარეში არსებულ უნივერსიტეტს გაცილებით დიდი ფუნქცია აქვს, ვიდრე ცენტრალურ მხარეებში არსებულს.
მე ვარ მომხრე, მოსურნე და ერთ-ერთი აქტიური ადამიანი იმ მიმართულებით, რომ საქართველოს და თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები მეცნირულ ბაზას დაეფუძნოს და ურთიერთპატივისცემის ფონზე განვითარდეს. იმ შემთხვევაში, როცა მეზობლებს ერთმანეთის მიწებზე უჭირავთ თვალი და ცდილობენ, ერთმანეთის კულტურა დაამცრონ,  ორმხრივად საზიანო პროცესებისგან თავის დაღწევა რთულდება; ამ ფონზე ვამბობ: ახალციხის უნივერსიტეტი არის სწორედ ის ინტელექტუალური ბაზა, რომელიც ურთიერთსასარგებლო "ზიარჭურჭლს" შექმნის მეზობელ ქვეყნებს შორის.
როგორც ვიცი, ახალციხეში ამჟამად ბევრია სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეთნიკურ უმცირესობას; მათ დიდი როლის შესრულება შეუძლიათ, რომ უფრო გულწრფელი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თავიანთ ამჟამინდელ სამშობლოს - საქართველოსა - და თავიანთი ეთნოსის მიერ შექმნილ სახელმწიფოს - სომხეთს - შორის; უფრო სწორად, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას შორის; ქართველებსა და სომხებს შორის აუცილებელია ისეთი ახლომეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომ რომელიმეს გამოყენებით კავკასიის დაპყრობის მოსურნე ძლიერმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ ხელი ვერ შეუძალოს კავკასიის ერების ბუნებრივ სწრაფვას ცივილიზებული სამყაროს წიაღში.
დასასრულს, აღვნიშნავ:
კარგად ვიცნობ მერაბ ბერიძის ბუნებას; სიყვარულზე ორიენტირებული მისი ფსიქოლოგია, მიმტევებლური ხასითი და დიდი განათლება დიდ შესაძლებლობას იძლევა, რომ მესხეთის უნივერსიტეტში შეიქმნას ქართული და ქართულ-სომხური, ქართულ-თურქული, ქართულ-ევროპული... კველევებისა თუ ურთიერთობების მუდმივმოქმედი ინსტიტუტები და კარგი ველი სამეცნიერო კონსესუსისათვის. მეცნიერებაში თანხმობა არის დიდებული საფუძველი ხალხების კეთილმეზობლობისა. შეიძლება რაღაცაში ვერ დაეთანხმო კოლეგას, მაგრამ ზოგადად, ძირითად წახნაგებში ერთიანობა უთუოდ არის აუცილებელი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ, ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა შევძლოთ, აკადემიური კვლევებით დავაბალანსოთ მეზობელ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული ურაპატრიოტული .. "სამეცნიერო" პროდუქცია, რომელიც ყველა მხარის გაღიზიანებას იწვევს.  აკადემიური აზრის ფორმირებისთვის აუცილებელია ნეიტრალური, გონივრული და, ამასთან, ინტელექტუალური გარემო, სადაც მოხდება სხვადასხვა აზრის შეთანასწორება და ურთიერგამდიდრება; სწორედ, ამგვარ ცენტრად მეგულება მე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი.
მესხეთში უნივერსიტეტის დაარსებას კიდევ ერთხელ ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ვულოცავ მთელ საქართველოსა და ცივილიზებულ კაცობრიობას!
მე კი ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ დამოუკიდებლობისკენ მსწრაფავი საქართველოსთვის ამ ურთულეს  პერიოდში, უმძიმესი ისტორიის მქონე საქართველოს ამ მხარეში _ სამხრეთ საქართველოს ცენტრში - ჩამოყალიბდა მაღალი რანგის, სამსაფეხურიანი უნივერსიტეტი, რომლის ერთი ნაწილი მეც ვარ.

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე,
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი