Sunday, December 29, 2013

ივერიელთა ერთობის ტრაქტატი



პროფ. ტარიელ ფუტკარაძე (საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი)

გიორგი მერჩულე და "ივერიელთა ერთობის ტრაქტატის" ავტორები
ქართველთა სახელმწიფოს საზღვრების შესახებ

ქართველთა საცხოვრისისა და საეკლესიო საზღვრების ამსახველია გიორგი მერჩულეს შემდეგი ფრაზა:
"არამედ დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყვებელ ექმნა ქვეყანასა ჩვენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტეჲსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალეჲმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი (მრავალი - ტ.ფ.) ქვეყანაჲ (მხარე - ტ.ფ.) აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო "კვირიელეჲსონიბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: "უფალო წყალობა ყავ“, გინა თუ "უფალო შეგვიწყალენ“.
შეგვიძლია, თუ არა, გამუქებული ფრაზა ჩავთვალოთ ქართველთა სახელმწიფოს საზღვრების ამსახველ ფრაზად?
IX-X საუკუნეებში საქართველო არ იყო ერთიანი სახელმწიფო, შესაბამისად, ბუნებრივია, გიორგი მერჩულეს ეს ცნობილი ფორმულა ვერ მიიჩნევა ავტორის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საზღვრებად, მაგრამ, უეჭველია, რომ ავტორი საუბრობს წარსულში არსებულ და მომავალში ასაღორძინებელი ქართული სახელმწიფოს საზღვრებზე. გორგასალის სახელმწიფოს საზღვრები თითქმის იგივე იყო, რომელიც აღორძინდა ქუჯ-ფარნავაზის დროს (შდრ., ქუჯ-ფარნავაზის სახელმწიფოს საზღვრები თითქმის ემთხვევა კოლხურ-ყობანური არქეოლოგიური კულტურის გავრცელების არეალს).
სამხრეთ საქართველოში - კუროპალატების სამეფოში - მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი ეკლესიას აშენებს აფხაზეთში - დასავლეთ საქართველოში, რომელსაც სხვა მეფე ჰყავს, ანუ სხვა სამეფოდ ითვლება, თუმცა, აშკარაა, რომ ეკლესიურად აფხაზეთიცა და კუროპალატების ქართული სამეფო ერთი დიდი საერთო ველია, რამდენადაც, გრიგოლ ხანძთელის სურვილი - უბისაში ააგოს ეკლესია - კანონიერია ეკლესიური სამართლის მიხედვით[1].
აქვე აღვნიშნავთ, რომ გიორგი მეჩულის წარმოდგენილი მსჯელობა არის მცდელობა, თავისი პირვანდელი მნიშვნელობა - ქართველთა დიდი სახელმწიფოს აღნიშვნა - დაუბრუნოს ქორონიმ "ქართლს", რომლის სემანტიკა დავიწროვდა არაბების ოკუპაციის დროს. ქართული ენის გავრცელების არეალსა[2] და მირონის კურთხევის უფლებაზე ხასგასმით ქართველთა სახელმწიფოს სახელს - ტერმინს "ქართლს" - ვეღარ დაუბრუნდა თავდაპირველი მნიშვნელობა, მაგრამ მთავარი იდეა განხორციელდა: მომდევნო საუკუნეში აღდგა ქართველთა ერთიანი სახელმწიფო, რომლის სახელად დამკვიდრდა ეთნონიმისგან ნაწარმოები ახალი სახელი - სა-ქართველ-ო. ლოგიკურია მოსაზრება, რომ ქართველთა ერთიანი სახელმწიფოს აღორძინების აქტიური მხარდამჭერი იყო აშოტ კუროპალატიც[3].
შდრ., ეთნონიმი "ქართველი" ადრიდანვე ყველა კუთხის (ქვეყნის) ქართველს ნიშნავს; ეს მრავალი წყაროთი დასტურდება; მაგ., საისტორიო წყაროებში აღნიშნულია, რომ არგვეთის (აფხაზეთის) მთავრები "ნათესავით ქართველნიიყვნენ: "იყვნეს წმიდანი ესე მოწამენი დავით და კონსტანტინე ქართველნი სანახებისაგან არგვეთისა“.
შდრ., ასევე: IX საუკუნის საეკლესიო მოღვაწის წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაში ხაზგასმულია: „ილარიონ იყო ნათესავით ქართველი, ქუეყანით კახეთით“. გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში "ცხორებაჲ იოანესი და ეფთვიმესი კი ნათქვამია, რომ მესხი იოანე "იყო ნათესავით ქართველი...
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ოქროს ხანაში ქორონიმმა "ქართლმა" დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა (მას ჩაენაცვლა "საქართველო"), მაგრამ გამაერთიანებელი სემანტიკა შეინარჩულა ეთნონიმმა "ქართველმა".
სამწუხაროდ, ოსმალოებისა და სპარსელების შემოტევებისა და 1555 წლის გარიგების შემდეგ, ორი ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშის მიერ საქართველო ისევ დანაწევრდა სამეფო-სამთავროებად. XVI-XVII საუკუნეებში ეთნონიმმა "ქართველმაც" დაკარგა ზოგადეროვნული მნიშვნელობა და მარტოდენ პროვინცია ქართლის, ან ქართლ-კახეთის მოსახლეობის აღმნიშვნელად დავიწროვდა.

გაერთიანების მოსურნე ქართველებმა დაიწყეს ახალი, გამაერთიანებელი საკუთარი სახელების (ქორონიმის, ეთნონიმის) ძიება; ასეთი აღმოჩნდა ივერია და ივერიელი. ამ თვალსაზრისით საინტერესო დოკუმენტია 1790 წელს შექმნილი "ივერიელთა ერთობის ტრაქტატი"; ქვემოთ წარმოვადგენთ ტრაქტატის ტექსტის ძირითადი ცნებების ანალიზს (იხ. აგრეთვე: http://www.scribd.com/doc/77622292/Putkaradze-1790).


ტრაქტატის სრული დასახელება ასეთია:
"ტრახტატი, ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, საზოგადოსათვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეუფოისა ქალაქსა ტფილისს 1790 წელსა".
ტრაქტატი მოიცავს შესავალ ზოგად ნაწილსა და ოთხი ქართული სამეფო-სამთავროს პირველი პირების მიერ შექმნილ 4 დოკუმენტს; კერძოდ, შესავალ ნაწილში ვკითხულობთ:

"ვინაიდგან (ვინათგან) ყოველთავე ივერიელთა, მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთმორწმუნება (ერთმორწმუნეობა), არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხებლობითიცა (მავასხელობითიცა) სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის, ამისთვის ჩვენ, ზემოხსენებულთა (ზემოხსენებულად) ქვეყანათა ივერიისათა (ივერიისა) მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა, სახელითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა, აღუვსთქვამთ (აღვსთქვამთ) მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თითოეულად შემდგომთა ჰაზრთა ცხად იქმნების" (ქართული სამართლის ძეგლები, II, თბ., 1965, გვ. 501-507).
ამ შესავალ ნაწილს მოჰყვება "ტრახტატი პირველი", რომელსაც ხელს აწერს ერეკლე - მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ასევე: დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დარეჯანი, საქართველოს კათოლიკოსი ანტონი და ვიცე-კანცლერი სოლომონ ლიონიძე.
მოვიყვანთ ერთ ამონარიდს ერეკლე მეორის ტექსტიდანაც:
"აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა (/თანავალდებულებით - ტ.ფ.) თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა, კეთილშობილთა და საზოგადოთა ერთა, სჯულუდებ საუკუნოდ ერთგვამად შეერთებასა ამას ქვემოისა ივერიისა თანა და ვამცნებ ყოველთავე, ვითარცა სჯულთა ზედა ეკლესიურთა. იყავნ ესრეთ!"
ერეკლე მეორის ტრაქტატის მონაცვლე დანარჩენი სამი "ტრახტატი" ეკუთვნით იმერეთის მეფე სოლომონს,  ოდიშისა და სხვა სამთავროთა მთავარს გრიგოლ დადიანს და გურიის მთავარს სიმეონს. თავის მხრივ, ისინიც აცხადებენ, რომ ერთ სხეულად ერთიანდებიან ზემო ივერიის ქართველებთან.
წარმოდგენილ ციტირებებში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე ცნებაზე:
-  ყოველნი ივერიელნი;
-  ზემო და ქვემო ივერიის ქვეყანანი;
- ერთისა ენისა მქონებელნი;
- მავასხებლობითი/მავასხელობითი სიყვარული;
- ერთგვამად შეერთება.

ყოველნი ივერიელნი.
"ქართლის ცხოვრების" ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ ოდითგანვე ტერმინი  "ქართველი" აღნიშნავდა როგორც აღმოსავლთ საქართველოს (ქართლ-კახეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, ხევი, ჰერეთი), ასევე, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთი, ოდიში ანუ სამეგრელო, იმერეთი, გურია) და სამხრეთ საქართველოს - ლაზეთისა და ისტორიული მესხეთის (სპერი/ისპირი, აჭარა, ლაზეთი, ლივანა, შავშეთი, ტაო, ერუშეთი, სამცხე, ჯავახეთი) ისტორიულ, ავტოქთონ მოსახლეობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, 1555 წელს ამასიის ზავით განადგურებულ ქართველთა სახელმწიფოში დაკნინდა ტერმინ  "საქართველოს" სემანტიკაც,  სამაგალითოდ მოვიყვანთ ერთ ფრაგმენტს თავად ერეკლე მეორის "განწესებიდან":
"განწესებანი საქართველოს მეფის ირაკლისნი ძეთა თვისდამი სამეფოისათვის საქართველოისა": "ის განწესებაები, რომელნიც ქვეით დაიწერება ჩემის სახელისა და საქართველოს დიდთა და მცირეთათვისა,  ისინი სრულებით უნდა მიიღოთ და ჩემმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც და საქართველოსა და კახეთისა ერთა..." (ქართული სამართლის ძეგლები, 1965, გვ. 509).
პარალელურად, ერეკლეს დროს "ქართველი" დამცრობილი იყო მხოლოდ ქართლელის აღმნიშვნელად. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ ერეკლე მეორის ტექსტებში გამოყენებული სიტყვა "საქართველო" ხან ქართლის სამეფოს, ხან კი ერეკლეს სამფლობელოს - ქართლ-კახეთს აღნიშნავს.
სოლომონ ლიონიძის ინიციატივით შექმნილი ტრაქტატის ხელმომწერებმა კარგად იცოდნენ, რომ ერთი ისტორიის, ერთი ენისა და ერთი სისხლის მქონენი იყვნენ, ამიტომ ბუნდოვანებისგან თავის დასაღწევად გაააქტიურეს უცხოურ წყაროებში საქართველოსა და ქართველთა აღმნიშვნელი ტერმინები: ივერია და ივერიელნი.
ქართველები თითქმის მსგავს სიტუაციაში ვართ დღესაც, ვინაიდან საერთაშორისო ველშიც და ქართულ სამეცნიერო თუ საინფორმაციო წრეებში, არაიშვიათად, ერთმანეთისგან იმიჯნება "ლაზი", სვანი, მეგრელი, მესხი და "ქართველი".
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერმინების: "ივერიელი" და "ივერია" წინა პლანზე წამოწევამ მომდევნი საუკუნეში თავისი ისტორიული მნიშვნელობა და არსი დაუბრუნა ტერმინებსაც: "საქართველო" და "ქართველი" (ამ კუთხით დიდი ამაგი ღვაწლი გასწიეს წმინდა ილია მართალმა და მისმა თანამებრძოლებმა).

ზემო და ქვემო ივერიის ქვეყანანი.
1790 წლის ტრაქტატის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ივერია (=საქართველო) იყოფა ორ ნაწილად: ზემო ივერია და ქვემო ივერია.  ზემო ივერიაა აღმოსავლეთ საქართველო - ქართლ-კახეთი და ერეკლეს სხვა სამფლოებელოები. ქვემო ივერია არის იმერეთის სამეფო, ოდიში (დღევანდელი სამეგრელო) და დადიანის მმართველობას დაქვემდებარებული სხვა სამთავროები (იგულისხმება აფხაზეთის ნაწილი, სვანეთი, ლეჩხუმი)  და გურია (არაიშვიათად, მთელი დასავლეთი საქართველო იმერეთად - იმიერსაქართველოდ - იწოდება, აქაური ქართველები კი - იმერლებად < იმიერ-ელ-ი; ანალოგიური წარმოებისაა სვანური კილოების "ქავიშარ" - გადაღმა ქართველები, "სგავიშარ" - ცენტრის ქართველები).
ცალკე მსჯელობის საგანია ტერმინი "ქვეყანა". მსგავს კონტექსტში "ქვეყანა" გვახსოვს ცნობილი ფორმულიდან: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების...". გამოთქმა "ფრიადი ქვეყანა" აქ ნიშნავს მრავალ მხარეს, მრავალ სამეფო-სამთავროს; ამ „ქვეყნებს“ აერთიანებს  ქართული ენა, როგორც ეკლესიისა და კულტურის ენა. მსგავსი სემანტიკისაა 1790 წლის „ტრახტატის“ ტექსტში გამოყენებული „ქვეყანაც“: "ჩვენ, ზემოხსენებულთა ქვეყანათა ივერიისა მეფენი და მთავარნი"... ქვეყანანი ივერიისა“ ნიშნავს ერთი სახელმწიფოს - ივერიის - შემადგენელ ნაწილებს, ივერიის მხარეებს; კერძოდ: ქართლს, კახეთსა და ერეკლეს სხვა სამფლობელოებს; ასევე,  იმერეთის სამეფოს, ოდიშს და დადიანს დაქვემდებარებულ სხვა მხარეებს (იგულისხმება აფხაზეთის ნაწილი, სვანეთის ნაწილი, ლეჩხუმი)  და გურიას.
აქვე აღვნიშნავ, რომ ტერმინი "ივერია", აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სარწმუნო მტკიცებით, წარმოიშვა ერთი ქართული პროვინციის სახელისგან - "სპერისგან". 1790 წლის ტრაქტატზე ხელმოწერის დროს ეს ქართული პროვინცია უკვე ოსმალეთის მფლობელობაშია საქართველოს ისტორიულ ნაწილებთან - ლაზეთთან და ისტორიულ მესხეთთან (სამცხე-ჯავახეთსა და ტაო-კლარჯეთთან) ერთად. ამჟამად საქართველოს დაბრუნებული აქვს ისტორიული მესხეთისა და ლაზეთის მხოლოდ მცირე ნაწილი, ხოლო მაჭახლის ნაწილი, ლივანა, შავშეთ-კლარჯეთი, ამიერ- და იმიერტაო, ერუშეთი, სპერი და ლაზეთის დიდი ნაწილი ამჟამინდელი თურქეთის შემადგენლობაშია.


ერთისა ენისა მქონებელნი.
მე-18 საუკუნის დასასრულის ქართველ ხელისუფალთა ტექსტებში ჩვენთვის მთავარი ფრაზაა: "ერთისა ენისა მქონებელნი". გასაკვირია: ის მკვლევარნი თუ დაინტერესებულნი პირნი, რომლებიც დღეს ქართველთა რამდენიმე ენას ასახელებენ და მეგრელ-სვანთა დედაენად ქართულს არ თვლიან, რატომ უწევენ იგნორირებას ამ დოკუმენტში დაფიქსირებულ პოზიციას? არ მგონია, რომელიმე თანამედროვე პირმა თუ მკვლევარმა უფრო კომპეტენტურად განუსაზღვროს დედაენის სტატუსი 221 წლის წინ ტრაქტატის ხელმომწერ გრიგოლ დადიანსა თუ მეფე სოლომონს.

მავასხებლობითი/მავასხელობითი სიყვარული.
221 წლის წინანდელი ტრაქტატის ხელმომწერი "ერთისა ენისა მქონებელნი" ზემო და ქვემო ივერიის მეფენი და მთავარნი, ალბათ, მაშინდელი თუ გვიანდელი "სკეპტიკოსებისთვისაც" საუბრობენ ივერიელთა ერთიანობის სხვა არსებით საფუძველზეც; კერძოდ, ისინი წერენ: გვაქვს "მავასხებლობითიცა (მავასხელობითიცა) სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის".
აქ საკვანძო სიტყვაა: მავასხებლობითი, რომელსაც ხელნაწერებში უდასტურდება მეორე ვარიანტიც: მავასხელობითი.
ამოსავალი ფუძეა "ვასხება", რომელიც ძველ ქართულში "სესხებას" ნიშნავს; საეკლესიო მწერლობიდან დავიმოწმებ ორ წინადადებას:
"ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არ ივასხებდე";
"ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის"...
 სიტყვები: მიმღეობები: მა-ვასხ-ელ-ობ-ით-ი და მა-ვასხებ-ლ-ობ-ით-ი ეყრდნობა ვასხ- ზმნური ფუძის თემისნიშნიან და უთემისნოშნო ვარიანტებს და არსებითად ერთი სემანტიკისანი არიან. "ტრახტატის" მოცემულ კონტექსტში მავასხელობითი/მავასხებლობითი ღრმაშინაარსიანი მეტაფორაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს: "სისხლისმიერი ნათესაობის" გამო სამუდამო "სესხით" ანუ სამუდამო ვალდებულებით ერთმანეთთან მარადიულად დაკავშირებულ ხალხს - ერთ გვამად, ანუ ერთ სხეულად შეკრულ საზოგადოებას; ანუ: მავასხელობითი სიყვარული - ურთიერთვალდებულებითი სიყვარული.
აქვე შევეხები გვამ- სიტყვის ისტორიასაც:
არქაულ ქართულში "გვამი" ნიშნავდა ქარქაშს, სხეულს, ორგანიზმს.  XVII- XVIII საუკუნეებში "გვამს" ორგვარი სემანტიკის მქონედ წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანი:
გვამი - პირი, ხატი;
გვამი - "სულისგან შეზავებული ხორცი" ანუ ადამიანი.
თავად ერეკლე მეორე იყენებს ტერმინს: სამგვამოვანი ღმერთი: კერძოდ,  1791 წელს ერეკლე მეორის მიერ განახლებულ და ხელმოწერილ დოკუმენტში: "განწესებანი საქართუელოს მეფის ირაკლისნი ძეთა თვისთადმი სასამეფოისათვის საქართველოისა" ვკითხულობ: "სახელითა ერთ-არსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა ვსწერ მე, მეორე ირაკლი ბაგრატოვანი..." (ქართული სამართლის ძეგლები, II, თბ., 1965, გვ. 507).
ამრიგად, 223 წლის წინანდელ დოკუმენტში ქართველი მეფე-მთავრები აცხადებენ, რომ ისინი, ერთი ენით, სისხლით, ისტორიით ერთნი და ერთი ეკლესიის შვილები ისევ ერთიანდებიან ერთი სულის მქონე ერთ სხეულად. ვფიქრობ, საინტერესოა პარალელის გავლება, ერთი მხრივ, ქართველთა ერთიანობის ისტორიულ ძეგლში - 1790 წლის ტრაქტატში - წარმოდგენილ ივერიელთა ერთობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებსა და  მეორე მხრივ, ერის ტრადიციულ და ეთნოსის თანამედროვე დეფინიციებს შორის. ფაქტი კი ერთია, ტრაქტატის ავტორებიც, გიორგი მერჩულეს მსგავსად, ცდილობენ, ააღორძინონ ქართველთა ერთიანი სახელმწიფო, რომლის საზღვრები დაახლოებით იგივეა, რაც იყო ქუჯ-ფარნავაზის დროს (1790 წლის ტრაქტატზე ხელმომწერა შორის არ იყვნენ სამხრე საქარველოს - ისტორიული მესხეთის - მეფე-მთავარნი, მაგრამ, რამდენადაც, ივერია/იბერია მომდინარეობს "სპერიდან" და, რაც მთავარია, ძველი იბერია მოიცავდა ტაოსაც, კლარჯეთსაც, აჭარასაც, ლაზეთის დიდ ნაწილსაც და სპერსაც, ტრაქტატის ავტორები, ბუნებრივია, ერთიანი ივერიის საზღვრებში ამ ქართულ მხარეებსაც გულისხმობდნენ).

p.s. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გარეშე ძალები ისევ გააქტიურდნენ საქართველოს დასანაწევრებლად და ქართველი ერის დასაშლელად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ინება, შექმნილიყო ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: "ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.). სასიხარულოა, რომ მას ყველა ქართველი და საქართველოს მოქალაქე აწერს ხელს და ასე ადასტურებს თავის ერთგულებას ქვეყნისა და ეროვნული ფასეულობებისადმი.


[1] ჩანს, ბიზანტიური ოკუპაციის დროს დასავლეთ საქართველოში ვერ გავრცელდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის იურისდიქცია. სატახტო ქალაქ ქუთაისში დაფუძნებული ლეონ მეორისა და დემეტრე მეორის დროს (VIII-IX საუკუნები) დასავლეთ საქართველოში თავის პოზიციებს იბრუნებს ქართულენოვანი ეკლესია, რაც გამოიხატება გრიგოლ ხანძთელის მიერ უბისაში ახალი ქართულენოვანი ეკლესიის აშენებაში.
[2] ქართულ სინამდვილეში ერისა და სახელმწიფოს ერთიანობის განმსაზღვრელად ენის ფაქტორს საფუძველი ეყრება ქუჯ-ფარნავაზის ეპოქაში: "არა იზრახებოდა ქართლსა შინა სხვა ენა თვინიერ ქართულისა“.
[3] გიორგი მერჩულეს აზრით, აშოტ კურაპალატი არის კაცი, რომელსაც იმედის თვალით შეჰყურებდნენ აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისტორიული ქართლის ქართველები (ასეთი შინაარსს შეიცავს გრიგოლ ხანძთელის დატირება); აქვე იკითხება გიორგი მერჩულეს სხვა არსებითი თვალსაზრისიც: არაბებმა აშოტი მოკლეს სწორედ იმიტომ, რომ მას სურდა ქართველთა გაერთიანება: "თითქოსდა გაკვრით ეპიზოდებსა თუ სახეებში გიორგი მერჩულე დიდი სიბრძნითა და ოსტატობით ავითარებს ეროვნულ იდეას" (რ. ბარამიძე, ეროვნული ცნობიერების საკითხი გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“ http://tinyurl.com/qj6bl4t). ქართველთა ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის რეალური პროცესი დაიწყო X საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც გაზიარებულ იქნა ერისთავის იოანე მარუშიანის წინადადება და ბაგრატ მესამე (975-1014 წწ.) ერთდროულად გახდა რამდენიმე ქართული სამეფოს კანონიერი მეფე.